ბესიკ ხარანაულის ექსპრომტი ხანგრძლივი წუწუნის შემდეგ

ბესიკ ხარანაულის ექსპრომტი ხანგრძლივი წუწუნის შემდეგპოეტმა ბესიკ ხარანაულმა თავის უმცროს კოლეგას შოთა იათაშვილს ექსპრომტი მიუძღვნა:

“რამდენიმე წლის წინ იყო, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ დამირეკა ბესიკ ხარანაულმა. რაღაც ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, ფიზიკურადაც, სულიერადაც… სულ სიკვდილზე ვფიქრობ ძალიან ცუდადო…

ჯერ ვუთხარი, გამოგივლი-მეთქი, მერე შევთავაზე, აქეთ გვსტუმრებოდა. ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა. ასმათი მოვა, ვეტყვი და წამოვალთო. რომ მოვიდნენ ის და მისი მეუღლე, ყანწი მომაწოდა, მასში ჩადებული დაგორგლილი თაბახის ფურცლით. ეს ჩემგან საჩუქრად შენ და მაიასო. პატარა ლექსი ეწერა ასეთი მინაწერით: „მაიას და შოთას – ექსპრომტი ხანგრძლივი წუწუნის შემდეგ“.

აი, ეს ლექსი, შესაძლოა, თავადაც არა აქვს შემონახული, დაწერა უცებ და წამოიღო…

კაცსა სიკვდილის შემდეგა საფლავს ჩადება ხომ უნდა,
დატირება და ცრემლები, სხვის შეწუხება ხომ უნდა,
მასუკან გზა და ქელეხი, ჭიქის აწევა ხომ უნდა,
თეფშ-ჭიქის წკარაწკურშია ხანაც სიცილი ხომ უნდა,
ბესიკსა ხარანაულსა ისევ სიცოცხლე მოუნდა.”