10 ნოემბერი, 2020

ბაჩანა ბრეგვაძის ოქროს სიტყვები

მწერალმა, მთარგმნელმა და ფილოსოფოსმა ბაჩანა ბრეგვაძემ უძვირფასესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. რაც უფრო ხშირად წავიკითხავთ მის ჩანაწერებს, ამაში მით უფრო მეტად დავრწმუნდებით:

“გამორიცხეთ კულტურა ისტორიიდან და მიიღებთ ზოოლოგიას. თუ მთავრობის ამნაირი პოლიტიკა კვლავაც გაგრძელდა, ჩვენ მალე ისტორიულის ნაცვლად ზოოლოგიურ სინამდვილეში ამოვყოფთ თავს.”

***

“ისტორია ხანდახან მომაგონებს თივით მძიმედ დატვირთულ ურემს, ორღობეში რომ მიჭრიალებს და ღობეებზე ტოვებს თივის ბღუჯებსა და ბულულებს.

რაც უფრო ვიწროა ეს ორღობე, ნარ-ეკლიანია გზა და ოღრო-ჩოღრო სავალი, მით უფრო მეტი თივა რჩება გზა და გზა.

და კაცმა არ იცის, ჩვენ საბძელში მეტი თივა შეგვაქვს თუ გზა და გზა ვტოვებთ.”

***

“ერთხელ სოკრატეს ბაზარში უთქვამს: რამდენი რამაა, რის გარეშეც თავისუფლად შეიძლება გაძლოს კაცმაო.”

***

“სულ მცირე, მეოთხედი საუკუნის წინათ კალენდარში ამოკითხული ბრაზილიური ანდაზა: ,,როცა ღარიბი ჭამს ქათამს, ან ღარიბია ავად, ან – ქათამი.”

***

“ბედნიერებაა, როცა წიგნის ფურცლებზე ისე ისვენებს დაღლილი სული, როგორც გადამფრენი ფრინველები ისვენებენ გაშლილ ზღვაში გემის ანძაზე.”