2 ნოემბერი, 2020

“არემჯი” კიდევ ერთ შუა საუკუნეების ძეგლს მიადგა

კომპანიამ “არემჯი” საყდრისის აფეთქებით სამუდამოდ დაამახსოვრა თავი ქართველებს. კომპანია ახლა კიდევ ერთ შუა საუკუნეების ძეგლს მიადგა – აბანოს, რომელიც ისტორიულ აბულმუგში დმანისისა და ბოლნისის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.

საგანგაშო ინფორმაცია ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა გაავრცელა:

“არ დაუშვათ! თორემ ხვალ-ზეგ იქვე ახლოს მდებარე ტაძრებს მიადგებიან – შუა საუკუნეების ამ ძეგლის, ისტორიული აბანოს დაშლას და გადატანას ითხოვს სახელმწიფოსგან დანაშაულებრივი კომპანია “არემჯი”.

დილა რომ გათენდება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან იმ სპეციალისტების ვინაობას წერილობით გამოვითხოვ, ვინც ამ საკითხზე პოზიცია უნდა დააფიქსიროს, ან უკვე დააფიქსირა.

ამ ძეგლის ირგვლივ უამრავი ვიდეო, ახალი ამბავი და ფოტო მაქვს გამოქვეყნებული. იმედია გახსოვთ, რომ აბანო ისტორიულ აბულმუგში მდებარეობს, დმანისისა და ბოლნისის ადმინისტრაციულ საზღვართან.

ეს ფოტო 2014 წლის 3 მაისს გადავუღე ისტორიულ აბანოს.”