აი, ვინ იყო გიორგის პროტოტიპი ფილმიდან “ფესვები”

აი, ვინ იყო გიორგის პროტოტიპი ფილმიდან "ფესვები"რეჟისორმა გუგული მგელაძემ თავის გენიალურ ფილმში “ფესვები” ნამდვილი ისტორია გააცოცხლა.

ფილმის მთავარი გმირი გიორგი მსოფლიოში აღიარებული ანარქისტისა და ცნობილი მემარცხენის ვარლამ ჩერქეზიშვილის პროტოტიპია.

საინტერესო ინფორმაცია ნინო გახოკიამ გაგვიზიარა:

“ამ სურათზე ცნობილი მემარცხენე, მსოფლიოში აღიარებული ქართველი ანარქისტი და ფილმ “ფესვების” გმირის პროტოტიპი ვარლამ ჩერქეზიშვილია.

იგი 1871 წელს დააპატიმრეს, გაასამართლეს და ციმბირში გადაასახლეს. 1875 წელს გადასახლებიდან ევროპაში გაიქცა. რუსეთის იმპერატორისაგან დევნილი და საკუთარი იდეალებისთვის მებრძოლი არასოდეს ივიწყებდა თავის სამშობლოს. ჩერქეზიშვილი დიდად მფარველობდა ხოლმე უცხოეთში მოხვედრილ ქართველებს. ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში განუწყვეტლად წერდა საქართველოს პოლიტიკური ყოფის შესახებ.

1894 წლიდან დიდმა ილიამ თავის სახელგანთქმულ „ივერიაში“ დაიწყო მისი წერილების და კორესპონდენციების ბეჭდვა, „ვაზიანის“ ფსევდონიმით. მან გააცნო ილიას და ქართველ საზოგადოებას მარჯორი უორდროპი. 1904 წელს მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერეციის მუშაობაში, რომელმაც მიზნად დაისახა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა.

1907 წელს მისი დიდი ძალისხმევით წარუდგინეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი „ქართველი ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა“.

უკვე 72 წლის მოხუცი 1918 წელს ჩამოვიდა თავისუფალ საქართველოში, 40 წელზე მეტი ხნის განდევნილობიდან. 1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო არმია დამოუკიდებელ საქართველოს უტევდა, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად.

1921 წელს კი ვარლამ ჩერქეზიშვილი საბოლოოდ გაიხიზნა სამშობლოდან. გარდაიცვალა 1925 წელს. დაკრძალულია ლონდონში.

გრიგოლ რობაქიძე წერდა მასზე: „იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წლებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვები, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც, ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა.“

ფოტოზე ჩერქეზიშვილის გვერდით მისი მეუღლე – ფრიდა რუპერტუსი. მანანა თაქთაქიშვილის სურათებიდან.”