9 ოქტომბერი, 2020

ლადო ასათიანის და ანიკო ვაჩნაძის ულამაზესი ისტორია

პოეტ ლადო ასათიანის და მისი მეუღლის ანიკო ვაჩნაძის ერთობლივი ცხოვრება ხანმოკლე, მაგრამ სიყვარულით სავსე იყო.

21 წლის პოეტი ქუთაისიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა და მუშაობა “ნორჩ ლენინელში” დაიწყო.

ახალგაზრდა შემოქმედი მწერალთა კავშირს ხშირად სტუმრობდა. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობა კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – ლადო ასათიანი მეგობარ ნიკა აგიაშვილთან ერთად მწერალთა კავშირში მიდიოდა. ამ დროს შეხვდათ გოგონა, რომელმაც პოეტის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ის მწერალთა კავშირის ეკონომისტი ანიკო ვაჩნაძე იყო – ნიკა აგიაშვილის ნაცნობი. პოეტს გოგონა ძალიან მოეწონა და მეორე დღესვე მეგობარს სპეციალურად გოგონასთვის დაწერილი სატრფიალო წერილი გაატანა, რა თქმა უნდა, ავტორის ვინაობის გარეშე.
ნიკა აგიაშვილს წერილის ავტორის ვინაობა არ უთქვამს. ანიკომ გადაწყვიტა, ავტორის დადგენაში დასახმარებლად მწერლებისთვის მიემართა. ლადო ასათიანი რევაზ მარგიანმა ამოიცნო. ანიკო ძალიან გაბრაზდა და წერილი დახია. ასეთი საქციელის მიუხედავად, ლადოს და ანიკოს ურთიერთობა ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა – პოეტმა საყვარელ ქალს სწორედ რევაზ მარგიანთანი ერთად ჩააკითხა ციხისძირში და სიყვარულში გამოუტყდა.

ყველაზე მეტად ლადო ასათიანი ანიკოს ბებიას მოსწონდა. წყვილმა მაშინდელი ძერჟინსკის 14 ნომერში პატარა უფანჯრო ბინაში დაიწყო ცხოვრება. სახლში დღის შუქი რომ შესულიყო, იძულებულები გახდნენ, კარის ზედა ნაწილი ამოეჭრათ და მინა ჩაესვათ.

წყვილს გოგონა – მანანა შეეძინა და პოეტი ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა – მალე ლადო ასათიანი ტუბერკულოზით დაავადდა. ანიკო მისთვის ყველაფერს აკეთებდა, თუმცა ვერაგმა დაავადებამ პოეტს სიცოცხლე მოუსწრაფა.

ლადო ასათიანმა და ანიკო ვაჩნაძემ ერთად 4 წელი იცხოვრეს. პოეტის ქვრივი მთელი ცხოვრება ნანობდა, რომ ლადოს მიწერილი წერილი დახია. ანიკო ვაჩნაძე სიცოცხლის ბოლომდე ლადო ასათიანის ერთგული დარჩა და ბოლო ამოსუნთქვამდე მხოლოდ პოეტი უყვარდა.