23 ოქტომბერი, 2020

ძალიან მაგარი ამბავი ანიტა რაჭველიშვილზე

ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი გარდა იმისა, რომ უნიჭიერესი ხელოვანია, უსაზღვროდ კეთილია.
მის შესახებ ძალიან მაგარი ამბავი ანა იმერლიშვილმა გვიამბო:
“მადლიერება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება! გავა წლები და ყველაფერი ისევ მემახსოვრება!
უსაყვარლეს ადამიანზე მინდა მოგიყვეთ. ხომ იბადებიან ადამიანები – მზე რომ დააქვთ გულით და სხვისი ცუდი თუ კარგი განსაკუთრებით მიაქვთ გულთან. ასეთ ადამიანზე გიყვებით ჰოდა.
გოგონა მე-3 კურსზე იყო, ჩემს კურსზე სწავლობდა, ერთ მერხთან ვისხედით, ვმეგობრობდით. ისტორიის ფაკულტეტზე ლექციებს მთელი მონდომებით ვესწრებოდით და უკვე სემესტრის ბოლოს გამოცდებს ველოდებოდით. ერთ დღეს, ისე რომ მე არაფერი ვიცოდი, კორიდორში ჩემი მეგობარი დავინახე, გავჩერდი, მივხვდი რაღაც რიგზე ვერ იყო. რა ხდება-თქო, ვკითხე. სწავლის თანხა დამიგროვდა გადასახდელი და გამოცდებზე არ მიშვებენო. სწავლისთვის თავის დანებება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. გავჩუმდი, არ ველოდი, არც ის ვიცოდი რა უნდა ექნა, ან ასეთ დროს რას აკეთებენ, ან აკეთებენ კი საერთოდ რამეს, თუ ბედს ურიგდებიან. მაშინ ზუსტად მივხვდი ერთს, რომ ადამიანები ბედს უსიტყვოდ არ შეიძლება ურიგდებოდნენ.
ხოდა, დავიწყე ყველა გზის მოძებნა, რომელიც ჩემს მეგობარს გადაარჩენდა, მაშინ საჭირო თანხის შოვნა მისთვის გადარჩენის ტოლფასი იყო. უკვე ჩემთვისაც მთავარ მიზნად ქცეული. ერთი და იგივე ტექსტი ძალიან ბევრ ადამიანს დავუკოპირე, ტექსტი იწყებოდა ასე, ,,ჩემს მეგობარს და ერთ კარგ გოგონას სჭირდება დახმარება…” რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან გავგზავნე, ვინც ჩემი მეგობრის დახმარებას შეძლებდა, თუ ამის სურვილი გაუჩნდებოდათ. იყვნენ დახმარების მსურველები, ზოგი ნახატის ჩუქებას დაგვპირდა (ნახატის გაყიდვაზე და ამით თანხის მოქუჩებაზეა საუბარი), ზოგმა საპარლამენტო ბიბლიოთეკაში ღონისძიების გამართვა შემოგვთავაზა. გამოცდებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, რეალური და სწრაფი დახმარება იყო საჭირო.
ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ეს საქმე თავის თავზე აიღო, იყო ანიტა რაჭველიშვილი. ანიტაზე ბევრი ვიცოდი როგორც მომღერალზე, როგორც ადამიანზე კი მერე გავიგე. ჩემი მეგობარი დააფინანსეს. ანიტამ მთელი თანხის ჩარიცხვა თავის თავზე აიღო და ეს თანხა არ იყო ცოტა. მენდო მე – სრულიად უცხო ადამიანს, რომელიც ჩემთვის კი არა, სხვისი საჭიროებისთვის ვითხოვდი თანხას. ჩემმა მეგობარმა გააგრძელა სწავლა, დაამთავრა უნივერსიტეტი. მე კი ამ ყველაფრიდან ვისწავლე ყველაზე მთავარი – რომ ადამიანები ცვლიან ბედს, ცვლიან თუნდაც დიდი ძალისხმევის შედეგად, რაც არ უნდა რთული ჩანდეს და გეგონოს, რომ ვერ გაუმკლავდები, ვერაფერს იზამ.
ანიტა რაჭველიშვილი კი დარჩა მაგალითი ბევრი რამის – ადამიანობის, სიკეთის, უსაზღვრო სიკეთის. ჩემს აზროვნებაში კი დარჩა იმ ადამიანად, ვინც საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რისიც დღემდე უსაზღვროდ მწამს – რომ ადამიანი, როცა ბედს არ ნებდება, მაშინ ის ამ ბედზე გაცილებით ძლიერია.”