19 სექტემბერი, 2020

ზურაბ ქაფიანიძის ყველაზე ორიგინალური ამბავი

მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე თავისი ცხოვრებისეული ამბებითა და ისტორიებით ყოველთვის გამორჩეული იყო.

ნინო რეხვიაშვილი მსახიობის ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს, რომელიც მის განსაკუთრებულობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს:

“სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ლიონია ბრეჟნევის საქართველოში ჩამობრძანება მუდამ ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა. 1971 წელს, მაისში საქართველოს სსრკ-ში გაერთიანების 50 წლის იუბილეზე ბრეჟნევს თბილისში ელიან.

არის ერთი მზადება. განსაკუთრებით დიდი მეცადინეობაა „აღლუმის“ ჩატარების მხრივ.
დაიგეგმა, რომ ქართველი მწერლები და მსახიობები აღლუმზე ერთად უნდა გამოსულიყვნენ.
– თითო ბავშვი ყველას უნდა გყავდეთ ხელში ატატებული, ან კისერზე შემოსმული. ვისაც არ გყავთ – ისესხეთ ან იშვილეთ, – ბრეჟნევს უყვარს ბავშვები! – იყო ბრძანება ვერტიკალიდან.

მრავალმა მათგანმა ასე სახელდახელოდ „ბავშვი“ ვერ იშოვა და დათქმულ დროს მარტო გამოცხადდა.
ყველაფერი რომ წკიპზეა და სამხედრო ორკესტრმა „ცამპა-რამპა“ უნდა დააქუხოს, ზურა ქაფიანიძეც მოროხროხდა ვაჟკაცური რიხით, შემართებით და თავისი მომაჯადოებელი, ალალი სიცილ-ღიმილით.
– სად მიდიხართ, სადა, კაცო? უჩემოდ აპირებთ დაძვრას?! – შესძახა მხიარულად.
– შენ ბავშვი არ მოიყვანე? – ეკითხება აღლუმის ორგანიზატორი.
ზურა დაფიქრდა:
– რა ბავშვი?
– რა და… ბრეჟნევს ბავშვები უყვარსო, რომ იყო გამოცხადებული… შენ ჭურში იჯექი?
– არ მამიყვანია ბოშუნა? – დაიმორცხვა ზურამ.
– აბა, სად არი.
– ესე იგი, არ მამიყვანია, – დაასკვნა რაჭულად და მოიწყინა. მიიხედ-მოიხედა… არსად „თავისუფალი“ ბავშვი არ არის. ყველა პატარას თავისი პატრონი ჰყავს.
ისევ მიიხედ-მოიხედა. ნაცნობი მწერლები და მსახიობები კი არიან, მაგრამ ყველას თავისი „წილი“ ბავშვი უჭირავს ხელში.

ახლა რა ქნას?
ჟურნალ „ნიანგში“ უნიჭიერესი იუმორისტი, ლექსების დიდოსტატი და ნამდვილი კაცური კაცი ვანო ცინცაძე მუშაობდა.
ტანად დიდი არ გახლდათ. არც ისე პატარა, მაგრამ შედარებისა და სიტუაციაში გარკვევისათვის, აგიხსნით: აი, ისეთი, ზურა ქაფიანიძისნაირებს რომ ქვემოდან ზემოთ უყურებს, თავში არ დამეცესო.
ჰო, ჩემო ბატონო, და ზურამ გამოუვალ სიტუაციაში ვანოს დაადგა თვალი.
– მორჩა, უბავშვოდ ვერ გაგიშვებთ! – კიდევ გაუმეორა აღლუმის ორგანიზატორმა.
– ვანიჩკუნა, ერთი წუთი გვერდზე გამოდი, ფრიად მნიშვნელოვანი საქმე მაქ შენთან, – მორიდებით შეეხო მკლავზე ქაფიანიძე.
– ხინკალზე ხო არ მეპატიჟები? – გაუხარდა ვანოს და უყოყმანოდ გაჰყვა.

დაიწყო “პარადი” და დაიძრა კოლონა.
– გაუმარჯოს საბჭოთა კავშირის სოციალისტურ რესპუბლიკას – ვაშაა!
– ვაშაა… ვაშააა!!! – გუგუნებენ მშრომელთა მასები.
მსახიობ-მწერალთა კოჰორტაც ფეხაწყობილად დაიძრა და მიდიან მთავრობის სახლისაკენ.
– ეჰ, ზურა, ზურა… – ამბობს ერთი მსახიობი, – ეშოვნა ერთი ბავშვი, რა იქნებოდა. აბა, რა ეშხი აქვს აღლუმს ზურა ქაფიანიძის გარეშე?!
– აბა, აბა! – თავის კანტურით ეთანხმება მეორე.

არაფერი შეგეშალოთ!
სულ უკანა რიგში გამოჩნდა ზურა ქაფიანიძე. კისერზე ვანო შემოუსვამს, რომელსაც ერთ ხელში გაბერილი, ვარდისფერი ბუშტი უჭირავს, მეორეში ალამი და პირში საწოვარა…

– გაუმარჯოოს! გაუმარჯოოს! – როხროხებს ქაფიანიძე, სხმარტალებს კისერზე შემომჯდარი ვანო ცინცაძე.
არა ბიჭო და ქაფიანიძე ჩაიჭრებოდა… ბრეჟნევი ზურასაც ისე უყვარდა, როგორც დიდ ბელადს ქართველი ბავშვები.”