14 ივლისი, 2020

გოგიჩას საოცარი ამბავი

"მაინც მატირა" - ეძღვნება გოგიჩასგოგიჩა – გიორგი გოგიჩაიშვილი პატარები და არა მარტო პატარების საყვარელი წამყვანი ყველას განსაკუთრებული სიყვარულით ახსენდება.

მეუღლე ნათია ბანძელაძე კი გოგიჩას ერთ-ერთ საოცარ ამბავს იხსენებს:

“ერთხელ მატკინე გული და ისიც ძალიან მწარედ… მენატრები, მაკლიხარ და მიყვარხარ…

არცერთ ათვლას არ ვცნობ! არსებობს მხოლოდ მე და შენი 31-წლიანი ზღაპარი… როცა სახლში ვიყავი, ჩვენი დილა მულტფილმებით იწყებოდა და პატარა ბავშვივით უხაროდა, როცა მეც იგივე ინტერესით ვუყურებდი. ყველა ზეპირად იცოდა, ისე ჩვენს ბავშვობაში შუშანიკის ვეფხისტყაოსნის გმირებს რომ ვარჩევდით, ასე იცნობდა ყველა გმირის ფსიქოტიპს და ყურების პარალელურად, გიყვებოდა ისტორიებს მათ შესახებ, მისი სამყარო იყო…

ერთად მხოლოდ იმ ნახატ ფილმებს არ ვუყურებდით, რომელიც ცოტა ,,მძიმე” სიუჟეტს შეიცავდა, უცებ მეტყოდა, ამას მერე მე მარტო რომ ვიქნები შევინახავ და ვუყურებო, პატარა ბავშვივით მწყინდა ხოლმე სანამ, ერთხელ თავად არ აღმოვაჩინე მთავარი მიზეზი…

ადრე გაღვიძებული, როცა ასეთ ემოციურ მომენტს უყურებდა, ჩუმად ტიროდა, როცა უცებ თავზე დავახტი აჟიტირებული ,,ააა, ტირიხარ მულტფილმზე-თქოოოო“, საბანი წაიფარა და ჩუმად ამომძახა “აი, რანაირი გოგო ხარ რა, ამიტომაც ვუყურებ ჩემთვის ჩუმად, სულ მეტირება და მრცხვენიაოოო“…

ასე იცნობდა ყველა მწერს, თევზსა და ცხოველს, რომლის შესახებაც გადაღებული დოკუმენტური ფილმები ჰქონდა გახმოვანებული. შეეძლო მეგობრებივით ესაუბრა მათზე, ისეთი სიყვარულით ყვებოდა, დაგაჯერებდა, რომ ყველა მათგანი შენი ახლობელი იყო.

ეს იყო მასში მთავარი, ყველაფერში იმაზე უკეთესს ხედავდა, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო, ყველაფერს ახალ სიცოცხლეს აძლევდა ისეთს, როგორიც იყო.

ახლაც თავისით ალაგებს აქაც და იქაც, მასთან კავშირში არსებულ ტრაგიზმსაც სითბოთი ავსებს, მის გარშემო მხოლოდ სიყვარულია და ასეც მინდა იყოს, მასთან კავშირი არა ცრემლი, არამედ ბედნიერი ღიმილი და საუკეთესო ემოციები უნდა იყოს…

ამიტომაც მის მისამართსაც ის ვერაგი სახელი წავართვით და ,,გოგიჩას სკვერი“ დავარქვით, საკონტაქტოდ სკვერის პატარა ნაწილი შევარჩიეთ, რომელზეც მოკითხვებს ვუტოვებთ, მერე ქარით წაშლილს რომ გვახვედრებს ახალი წარწერების დასატოვებლად… ესე იგი მოსწონს და უხარია ახლად გამოგონილი ჩვენი თამაში.

მაგრამ რა ვქნა, რომ ყოველ დღე სიყვარულთან ერთად შიში მაინც იზრდება… მაინც მარტო ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან ხარ… როგორ მიყვარხარ…”