17 ივნისი, 2020

მიხეილ ქვლივიძე გალაკტიონ ტაბიძეზე

მიხეილ ქვლივიძე გალაკტიონ ტაბიძეზეპოეტმა მიხეილ ქვლივიძემ არაერთი საინტერესო მოგონება დატოვა. ერთ-ერთი ასეთი მოგონება პოეზიის მეფეზე – გალაკტიონ ტაბიძეზეა:

“ქართველი მწერლების საერთო კრებაზე, სადაც მოსკოვში, ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე გასაგზავნად დელეგატები უნდა აერჩიათ, ჩვეული ვნებათაღელვა და შეხლა-შემოხლა იყო. კრებას ყველა ესწრებოდა სახალხო პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის გარდა!

აირჩიეს ასამდე დელეგატი და გაუგზავნეს ცეკას მდივანს – ვასილ მჟავანაძეს, რომელმაც მეორე დღეს შერჩეული მწერლები სათანადო ინსტრუქციის გასაცნობად) დაიბარა და სიის ამოკითხვას შეუდგა.

შუამდე არ იყო მისული, უცებ შეჩერდა და გაკვირვებულმა იკითხა:

– „გდე ტუტ გალაკტიონ. ეგო ჩტო ნე იზბრალი?”

დარბაზში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მჟავანაძემ გვერდით მჯდომ ირაკლი აბაშიძეს გადახედა, მერე სერგი ჭილაიას მიუბრუნდა და შეკითხვა გაუმეორა. სწორედ ამ დროს დარბაზიდან ენაბლუ

ალეკო შენგელიას შეძახილი გაისმა:

– დ-დაავიწყდათ, ბ-ბატონო! გ-გალაკტიონისთვის სად ეცალათ, არც უხსენებიათო!

დარბაზში თავშეკავებული სიცილი გაისმა.

მჟავანაძემ დელეგატთა სიას სულ ბოლოში მიაწერა ჩვენი უპირველესი პოეტის სახელი და გვარი…”