14 ივნისი, 2020

ერეკლე მეფისა და ხევსურების ისტორია

საოცარი მიძღვნა ერეკლე მეფესერეკლე მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ბევრი საინტერესო ამბავია ცნობილი, თუმცა ისტორია, რომელიც ბესარიონ გაბურს აკაკი შანიძის შეკვეთით ჩაუწერია, ნაკლებად ცნობილია:

“მეფე ერეკლე ხევსურებს ხშირად იბარებდა თურმე საომრად. ერთხელ საქართველოსთვის თათარს გამოუცხადებია ომი. დაუბარებია თათრის ხელმწიფეს ერეკლესთვის: ან მომეც შენი ციხე-ქალაქნი თბილისისანი, ან შავ დღეს დაგაყენებ, წამოვალ ჩემი ჯარით და სადილს შენს ქალაქში ვჭამო.

ეს, რომ ერეკლეს გაუგია უთქვამს: უყურეთ მაგ ურჯულოებს, თათრის შვილები რარიგ მუქარას მითვლიანო! ახლა გამოჩნდება თუ რომელი ჩვენთაგანი ამოიგდებს მტრის ჯავრსო.

უთქვამს ერეკლეს: მაგათ მარტო ჩემი მთიულნი მიხედავენო და დაუბარებია მაშინათვე ხევსურნი, თუშნი და ფშაველნი. კაცი გაუგზავნია არაგვზე, არაგვის მოურავ ქაიხოსროსთვის მიუწერია ბრძანება, წადით ჩქარა, გააგებინეთ ჩემს უნჯ ყმათ ხევსურთო.

ქაიხოსროს ერეკლეს დაბარებული რომ მოსვლია, მაშინვე ამდგარა, თავად წამოსულა ცხენით. ჯერ თუშეთს, მერე ფშავს, მერე ხევსურეთს მოსულა, მოუგროვებია ყველა მეომარი, დაუვლია ქაიხოსროს ყველგან თავისი ცხენით. წამოსულან ხევსურნი, ფშაველნი და თუშნი, ცხენდაცხენ ჩამოსულან ქალაქში, ერეკლეს კარზე მისულან პირდაპირ. დაუნახიათ ერეკლეს გამზადებული ჯარი. დაუწყიათ ხევსურთ ყვირილი: სად ასავ ჩვენ ნეფეივ? გვანახვიდეთავო.

ხალხს, ერეკლეს ჯარში ერთმანეთში ლაპარაკი დაუწყიათ: ეს რა ხალხია, როცა მეფე ერეკლე ჩვენს სანახავად მოდის, შიშით დავქრებით, ესენი კი აქეთ ყვირიან: მეფე ერეკლე სად არისო.

ამ დროს გამოსულა ერეკლეც, საომრად მომზადებულნი. ჯაჭვ-იარაღით მორთული ცხენოსანი ხევსურნი რომ უნახავს, დაუძახია: “ჩემთ ხევსურთ გაუმარჯოსო!” “ჩვენს მეფე ერეკლეს გაუმარჯოსო!” – სალმითვე უპასუხიათ ხევსურებს, და უკითხავთ მეფისთვის: რაზე დაგვიბარენივ, რა გაგიჭირდავ?

ერეკლეს მიუგია: ვაი თქვენს ერეკლეს! შენს ქალაქში ვისადილებთო, ასე დაუბარებიათ თათრებს, ამაზე მეტი გაჭირვება რაღა იქნებაო?

ამის მერე წაუკაფიავია ერეკლეს:
“მიშველეთ, ჩემნო ხევსურნო,
უნჯნი ყმანი ხართ ჩემნია,
ფულს მაგცემთ მაგოდენასა,
რო ვერ ზიდევდეს ცხენია.”

ხევსურებს სწყენიათ ეს სიტყვა: განა ჩვენ ფულის გულისთვის ვომობთავო?! – და ერთხმად უთქვამთ:
“თავს ვერ გაგიხრით ხევსურნი,
უნჯნი ყმანი ვართ შენნია;
თეთრს ვინც აიღებს ხევსური,
ვინაც მაჰკიდას ხელია,
გაუწყრას, ნეფევ ერეკლე,
ის სალოცავი ჩვენია!
დეემზადენით, ხევსურნო,
ჩაჩქნებ დაიდგით თავზედა!
თათრების მალოდინი გვაქვ,
განთ ვსხევართ ლუდის სმაზედა?
გაგვიძეღ, ნეფე ერეკლევ,
წავდგათ კრწანისის გზაზედა!”

გამზადებულან ხევსურნიც და ერეკლეს სხვა ჯარებიც და გასულან კრწანისში. მოსულა კიდეც ამ დროს თათრის კარი. ხევსურნი შეეხვეწნენ თურმე ერეკლეს: წინ ჩავალთავ, გაგვიშენივ!

გაუშვია ერეკლეს ხევსურნი, თავადაც ერეკლე წინ დასდგომია თავის ყმათ. სცემიან თათრის ჯარს თავში და ბოლოში გაყრილან. მეფე ერეკლეს ცხენდაცხენ უომია, შვიდჯერ აუვლ-ჩაუვლია თათრის ჯარში და ხმალი წაღმა-უკუღმა უქნევია. მეშვიდედ რომ ამოუვლია ერეკლეს თათრის ჯარისთვის, ნაპირზე კი გაუღწევია და ცხენიც ჩაქცევია კიდეც: ვერ გაუძლია სიმძიმისათვის, ჯაჭვის პერანგი შვიდი ფუთი ტყვიისგან ყოფილა ნაქსოვი (მცურავი ჯაჭვი სცმია). ცხენი, რომ წაექცა მისევიან ერეკლეს თათრები, მაგრამ ხევსურებს ხმლით დაუცავთ ერეკლე თათრებისაგან, გადაურჩენიათ თავიანთი მეფე.

ამასობაში დანარჩენებიც წამოშველებიან. ერეკლესთვის სხვა ცხენი მიუყვანიათ:
“ერეკლეს ცხენი ჩაიქცა,
ყმანი სხვას მიჰღგვრიდიანო,
ცხენზე შასვიან მსახურთა,
ავჟანდას უჭერდიანო.”

ვიდრე ერეკლე კარგად შეჯდებოდა ცხენზე, ხევსურნი კიდეც მისულან მტრის ჯარის სანგალში. ერეკლეს უთქვამს: ეს ჩემი ხევსურნი რას სჩადიან? გახედეთ სანგალს ხვედრიანო.

მაშინ უთქვამს ერეკლეს ცხენისთვის: გაფრინდი, ჩემო ცხენო, სადაც ყმანი იხოცებიან, ერეკლეც იქ იყოსო! გაუქცევია ცხენი, მისულა ერეკლე იმ დროს, რომ ხევსურთ კიდეც გაუმტვრევიათ თათართ კარავი. მაშინ უძახიათ ხევსურთ:

“ახლა სადა ხართ, თუშებო,
ხევსურნ რო კარავთ სჭრიანო,
ნადირაის ხმლის ნატეხნი
კარვის ბოძთანა ხყრიანო.
ხმალ ხოშარეულს გაუტყდა,
ხევსურნ სხვას გამუცვლიანო.”

ამ ომში ხოშარეულს თათრის ჯარის კარვის ბოძისათვის შემოუკრავს ხმალი. მაგარი ყოფილა ბოძი და ხმალი შუაზე გადატეხილა. ხევსურთ მაშინვე სხვა ხმალი მოუტანიათ. უომნიათ, სანამ არ გაუბრუნებიათ ეს თათრის ჯარი. ომს რომ მორჩნენ, შეუყრია ერეკლეს თავის ყმანი. ბევრი დახოცილიყო. ხევსურნი მეტილად გადარჩენილან, რადგან ყველას ჯაჭვი სცმია.

ერეკლეს უთქვამს: რა გინდათ, ჩემო ხევსურნო, რო მოგცეთ: თეთრი, იარაღი თუ რვალიო?
ხევსურთ არაფრისთვის არ უხლიათ ხელი. უთქვამთ: რად გვინდა საჩუქარივ? განა საჩუქრის გულისად ვიომეთავ? მეფეს უსაჩუქროდ მაინც არ გაუშვია – ზოგისთვის იარაღი მიუცია, ზოგისთვის – ფული.
წასვლის წინ ხევსურებს დაუბარებიათ: “თუ კიდევ რა გაბედეს თათრებმა, საჩქაროდ დაგვიბარიდი, მაშინ სათათრეთშიაც აღარ დავაყენებთავო.”

მეფე ერეკლეს მადლობა გადაუხდია და წამოსულან ხევსურები შინ.”