14 ივნისი, 2020

ელდარ შენგელაია ნატო ვაჩნაძეზე

ელდარ შენგელაია ნატო ვაჩნაძეზერეჟისორი ელდარ შენგელაია დედაზე – ნატო ვაჩნაძეზე ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს. ულამაზესი მსახიობი თავისივე დაბადების დღეზე ავიაკატასტროფას ემსხვერპლა:

“მოსკოვში ვსწავლობდი. დედამ ჩამომაკითხა. მეგობრები თემიკო ჩირგაძესთან წავედით ვარატინსკის ოლქში, სადაც ჯარში მსახურობდა. დედამ გამაფრთხილა, თუ შენ არ ჩამოხვალ, თბილისში არ წავალო. თემიკოსთან კარგად ვიქეიფეთ და დავწექით. საერთოდ, ღრმა ძილი ვიცი, მაგრამ ღამის სამ საათზე გამეღვიძა და დედა გამახსენდა. თემიკოს ვუთხარი, ახლავე მოსკოვში მივდივართქო. მან მითხრა, მატარებელი არაა და ვერ წახვალო. ვუპასუხე, საბარგო მატარებელი მაინც იქნება. როგორმე წავალ, რადგან დედას დავპირდი. სულ იმავეს ვფიქრობ, ნეტავ მოსკოვში არ წავსულიყავი. დედა ბილეთს აღარ იყიდდა და მოსკოვში დამელოდებოდა. არც იმ საბედისწერო თვითმფრინავში მოხვდებოდა.

როგორც იქნა მოსკოვში ჩავედი და დედა გავაცილე. აეროპორტში მისულ დედაჩემს, ბილეთი არ დახვდა. შემდეგ მოლარეს აუხსნა, რომ სასწრაფოდ უნდოდა გაფრენა. მან კი ცნობილ მსახიობს უარი ვერ უთხრა. ასე იშოვა დედამ საბედისწერო რეისის ბილეთი და ასე მოხვდა იმ თვითმფრინავში. დამთხვევაა ისიც, რომ ავიაკატასტროფა მამაჩემის სოფელ ობუჯთან მოხდა. მანამდე წლებით ადრე კი მამა დედაჩემის სოფელ გურჯაანთან ახლოს გარდაიცვალა.”

ნატო ვაჩნაძე თავისივე დაბადების დღეზე გარდაიცვალა. მისი ამოცნობა მხოლოდ გადარჩენილი თითით და საგვარეულო ბეჭდით გახდა შესაძლებელი. ნატო ვაჩნაძე უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა:

“დიდუბის პანთეონი ადრე კედლით იყო შემოსაზღვრული და დედაჩემის კუბო ზედ გადაატარეს. ჩვენ შიგნით ვერ შევდიოდით და ერთ ქალბატონს, რომ ვთხოვე, შემიშვით დედაჩემია-მეთქი, მან მიპასუხა, ის დედაჩვენიც არისო.”

ნატო ვაჩნაძის თხოვნა აუსრულებელი დარჩა. ერთხელ, როდესაც მეგობრებთან ერთად გრემის მონასტრიდან ბრუნდებოდნენ, ის ჯგუფს ჩამორჩა და ერთ-ერთი ხის ქვეშ გაჩერდა. მხატვარმა ელენე ახვლედიანმა დაუძახა, რომ დროულად წასულიყო, რაზეც ნატო ვაჩნაძემ უპასუხა, ამ ხის ძირში დამასაფლავეთო. მსახიობი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, მოგვიანებით კი ვერის სასაფლაოდან ნიკლოზ შენგელაიაც დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით გადაასვენეს.