ვახტანგ მაჭავარიანის რჩევა ქართველებს

ვახტანგ მაჭავარიანის რჩევა ქართველებსდირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი ქართველებს გულწრფელ რჩევას აძლევს და აფრთხილებს, რომ რუსეთს მუდამ მართავდნენ და მართავენ სპეც სამსახურები, ამიტომაც მათ უნდა განვერიდოთ:

“ვუყურე და ვუსმინე ნიკიტა მიხალკოვის აზრებს დიდ მსოფლიო შეთქმულებაზე და კაცობრიობის უდიდესი ნაწილის გაჟუჟვის გეგმაზე. ალბათ თქვენც იხილეთ. ამას დაემატა ჩუბაისის საუბარი ანალოგიურ თემაზე, რაც ალბათ ასევე იხილეთ. ჩუბაისზე არ მსურს კომენტარი, მაგრამ ნიკიტა მიხალკოვზე ვიტყვი, რადგან მასთან მაკავშირებს მოვლენები; მამამისი სერგეი მიხალკოვი არ აცდენდა დიდ თეატრში მამაჩემის ბალეტ “ოტელო”-ს წარმოდგენებს, კიდევაც აღტაცებით გამოეხმაურა პრესაში და მუდამ პატიჟებდა მამას სახლში და აგარაკზე.

ნიკიტას ვიცნობ მრავალი წელი, მითამაშია მასთან ფეხბურთი კინდღა-ში და არა ერთხელ ვწვეულვარ მას აგარაკზე. მისგან სრულიად განსხვავებული ძმა, დიდი ჰუმანისტი ანდრონ კონჩალოვსკი მზად არის, რომ დადგას თბილისის საოპერო თეატრში ალექსი მაჭავარიანის ოპერა “ჰამლეტი”, (რომელიც თბილისის თეატრმა არ შეუშვა 1979 წლიდან). მიკვირს, რომ უდავოდ ნიჭიერი, განათლებული და ღრმა ადამიანი ნიკიტა მიხალკოვი ასე ასრულებს რუსეთის ხელისუფლების დაკვეთას და საუბრობს აბსურდულ კაცთმოძულე თემებზე და უსაბუთოდ ადანაშაულებს როგორც კერძო პირებს, ასევე “ორგანიზაციებს” კაცობრიობის 7 მილიარდიდან 1 მილიარდზე ჩამოყვანის სურვილზე.

ხელოვანი უნდა იყოს თავისუფალი და არა დაქვემდებარებული ტოტალიტარულ რეჟიმებს, ხოლო თუ ნიკიტა მიხალკოვს გულით სწამს იმის, რასაც ის ამბობს, ღმერთმა ხელი მოუმართოს და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას.

რუსეთი მრავალსახოვანია, მას ერთის მხრივ ჰყავს: პუშკინი, დოსტოევსკი, ლ. ტოლსტოი, ჩაიკოვსკი, მუსორგსკი, რახმანინოვი, სტრავინსკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი, მალევიჩი, კანდინსკი, ბულგაკოვი, ნაბოკოვი და ა.შ. ხოლო მეორეს მხრივ მას მუდამ გააჩნდა; “ოხრანკა”, “ჩკ”, “კგბ”, “ფსბ”, რომლებიც ებრძოდნენ ზემოთ ხსენებული პიროვნებების სულებს.

100% ვარ დარწმუნებული, რომ ლეო ტოლსტოი არ მიიღებდა მონაწილეობას ნიკიტას მაგვარ ფასში. საწყენია, მაგრამ ასეა. რუსეთს მუდამ მართავდნენ და მართავენ სპეც სამსახურები. ქართველებო, გირჩევთ; განერიდეთ მათ!

პ.ს. დაფიქრდით, რატომ არ საუბრობენ მსოფლიო შეთქმულებაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავისუფლების მოყვარე ადამიანები? დემოკრატიის ფანანატიკოსი ამერიკელები, არც აზიელები და არც არაბები, და არც ავსტრალიელები.

აღნიშნულ შეთქმულებაზე საუბრობენ მხოლოდ რუსები! და რატომ? რადგან აწყობთ ეს. დიახ; არსებობს კოვიდ ვირუსი, უდავოა, ეს ფიზიკური მოვლენაა, მაგრამ არსებობს ასევე ზნეობრივი კოვიდ 19, და ეს არის რუსეთის ხელისუფლება. ამაზრზენი და კაცთმოძულე. და სანამ ეს ძალა არ დაემხობა, კაცობრიობა ვერ დაისვენებს.

პ.ს. პ.ს. იცით რა, რუსეთში ვყოფილვარ: დიმიტრი შოსტაკოვიჩის, ანნა ანტონივსკაიას და ბორის ჩორნის, გერასიმოვის და ტამარა მაკაროვის, ალექსანდრე გაუკის, ევგენი ევტუშენკოს, სლავა როსტროპოვიჩის და გალინა ვიშნევსკსიას, სვიატოსლავ რიხტერის და დავით ოისტრახის, იური გრიგიროვიჩის და ოლეგ ვინოგრადოვის, გენადი როჟდესტვენსკის და იური ტემირკანოვის, ელენა ობრაზცოვას და ირინა არხიპოვას, პეტრე შაპიროს და ირაკლი ანდრინიკოვის, ველიხოვის და კაპიცას, გერგიევის და მიხალკოვების სახლებში და კიდევ არა ერთში, ამიტომ ვიცი რასაც ვამბობ.”