4 მაისი, 2020

პანტომიმის თეატრი 55 წლის იუბილეს პრემიერით აღნიშნავს

პანტომიმის თეატრი 55 წლის იუბილეს პრემიერით აღნიშნავსშალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი 55 წლის იუბილეს პრემიერით აღნიშნავს.

13 მაისს, 19 საათზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში კორონა ვირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თეატრი პრემიერას მაყურებლის და ტაშის გარეშე გამართავს.

თეატრის დასი შემოგთავაზებთ სპექტაკლს “სიყვარულის ეიფორია”, რომელიც ფეისბუქის პირდაპირ ეთერში იქნება წარმოდგენილი:

“თეატრის პარტერი იქნება ცარიელი, თუმცა თქვენ შეგეძლებათ სადაც არ უნდა იყოთ, უყუროთ სპექტაკლს! შალიკაშვილის თეატრის მსახიობები მზად არიან ქვეყანას ამ მძიმე პერიოდში დიდი სიყვარულით კიდევ ერთი ახალი სპექტაკლი აჩუქონ. მაშ ასე, უყურე სპექტაკლს იქიდან საიდანაც შენ მოგიხერხდება!” – აცხადებს პანტომიმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამირან შალიკაშვილი.

რეჟისორ დავით შალიკაშვილის სპექტაკლში ასახულია სასიყვარულო ემოციისგან გამოწვეული მოვლენების განვითარება სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანების, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ცხოვრების წესით, სურვილებით და მიზნებით. თითოეულის ცხოვრებაში სიყვარული გარდამტეხ როლს ასრულებს, უცვლის ჩვეულს რიტმს, მათ უწევთ სხვადასხვა წინააღმდეგობების გადალახვა და დასასრულიც განსხვავებული აქვთ.

საპრემიერო წარმოდგენაში თანამედროვე და კლასიკური ჟანრის პანტომიმა სინთეზურადაა შერწყმული. პლასტიკის ენით გადმოცემული ემოციების ზღვა, სიყვარულის ქარტეხილებში მოხვედრილი ადამიანებისა, გულგრილს არცერთ მაყურებელს არ დატოვებს.

თეატრი პროექტებს ახორციელებს ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით.