განიტვირთეთ გიზო კაკაურიძის იუმორით

განიტვირთეთ გიზო კაკაურიძის იუმორითსაქართველოს დამსახურებული არტისტი და იუმორისტი გიზო კაკაურიძე თავისი ენამახვილობით კარგად არის ცნობილი. მისი საზოგადოებაში გამოჩენა ყოველთვის კარგ განწყობაზე აყენებს შეკრებილებს.

ხელოვანი ადამიანების გასახალისებელ იუმორს ერთ უბრალო რვეულში აგროვებს. მათ ნაწილს ნანული ცხვედიანი გვიზიარებს:

“ახალგაზრდობაში მეუბნებოდნენ: გიზო, რა კაი ბიჭი ხარო, ახლა მეუბნებიან: რა კაი კოსტუმი გაცვიაო.

ათანო, შენი ბიძაშვილი პარლამენტარია, ხო?
– კი, ძამა.
– მისვლა-მოსვლა გააქვთ?
– არა, მისვლა-მისვლა მაქ.

ჩინელები იმდონი არიენ, იმდონი, ასი მილიონი დედამიწიდან გადაცვენილა.

ბიჭიკიას ძმა იმნაირი მახინჯია, ტუფლები არ უხდება. თვითონ ბიჭიკია იმნაირი გამხდარია, იმნაირი – ერთი ტყვილზე დაფიცება და დეიბრიდება.

კუკურია ბერაძეს ცოლი ბერიძე ყავს და მერიკია ყოველდღე გაიძახის: მე ჩემს კუკურის ერთი ასოს გულისთვის გავყევიო.

ბიჭიკიას ცოლმა სამშობიაროში სამი დღის განმავლობაში 300 ლარი წაართვა. ბოლოს ბიჭიკიამ ასძახა: ცუცა, შენ მაქანე სეკას ხვარ თამაშობ!

კუკურიამ იმისთანა ღვინო მიიტანა გასვენებაში, ნასკები ოუწვა ხალხს ტუფლებში.

ბოკოკიას ისე ჩქარა მიარბენინებდნენ საფიჩხიის სასაფლაოზე (ქელეხში ეჩქარებოდათ), ბოკოკია წამოხტა და კუბოს რუჩქებს ჩაეჭიდა: რას შობით, თქვე შობელძაღლებო, არ გადამაგდოთო!

გასვენებაში მოხუცი კაცი ღვინოს ასხამდა, პარკისონის დაავადება ქონდა და ხან ჭიქა გატეხა, ხან ღვინო დააქცია და ლობიოში ჩაასხა. ბიჭიკიამ უთხრა: მომეცი, ბაბუა, მა გრაფინკა აგერ! ღვინოს მე დავასხამ და შენ სალათას მარილი მოაყარეო.

ქუთაისში ისეთი ვიწრო პადიეზდებია, მიცვალებული პოდრუშკით ჩამოგვყავს.

ბიჭიკიას სიდედრის გასვენებაში იმდენი ხალხი მოვიდა, მკვდრის დამატება დაჭირდათ.

(ოტია იოსელიანის რეპერტუარიდან) ხონის ტელევიზია აცხადებს ტიტრებში: გუბისწყალზე მცხოვრებ ინდიკო ხვადაგიანს დაეკარგა ძროხა, სახელად ფაჩიტო. მპოვნელი დაჯილდოვდება ხუთი წველა ყველით.”