ზვიად გამსახურდია აღდგომაზე

ზვიად გამსახურდია აღდგომაზეზვიად გამსახურდიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ლექსი მიუძღვნა, რომელიც ათასობით მკითხველმა მოიწონა და შეიყვარა:

“საფლავი თორმეტი ადლი,
სუდარა – თავთან კრული,
გწყალობდეთ აღდგომის მადლი,
ანგელოსი მხიარული!

“თქვენ რომ მეუფე დაფლეთ,
აღსდგა, აქ არ განისვენებს,
დღეიდან ბნელს ნათელი დაფლეთს,
განჰკურნავს ცოდვილთა სენებს.”

უფალი ჯოჯოხეთს შთახდა,
იხსნა სულნი მართალთა,
ანგელოსნი დარჩნენ სახტად
ცა დასთმეს ფერგამკრთალთა,

და გარდამოხდნენ ქვეყნად
რათა შეეგებონ მწეს,
ადამს, მეუფის სეხნას,
სასუფეველის მზეს.

რა შვებაა, რა ზარია,
აღსდგა ღმერთი სულმნათი,
დედამიწა ტაძარია,
ზეცა – მისი გუმბათი.

რა ზამთარი იდგა ქვეყნად,
ან რა სიმწრის გოდება,
აწ კი ზეცა გარდაგვეხსნა,
ედემი გველოდება.

ზეიმით და ზარით მოდის
წელიწადი წლეული,
აღარ გვმართებს გლოვა ლოდის,
წარწყმდა გველი წყეული.

შვება სუფევს კიდით კიდე,
ქვესკნელით ცის თაღამდი,
მზემ დახია ბნელის რიდე,
ისმის ლოცვა-ღაღადი.

რა შვებაა, რა ზარია
აღსდგა ღმერთი სულმნათი
დედამიწა ტაძარია
ზეცა – მისი გუმბათი.

ჩონჩხი რომ გზარავდათ ყველას,
და ცელი გაბასრული,
დაემხო, განქარდა წყევლა,
ვარსკვლავეთს აღზევდა სული.

ოსანა ისმის დასთა
დიადობს სხივთა ფენა,
მას ქერუბიმთა დასტა
შეეგებება ზენა.

დასცა ქაოსი მძვინვარე,
დახსნა სიკვდილის მხარე,
აღსდგა სიკვდილში მღვიძარე,
ცის შეუმუსვრელი სახე.

სად ჯვარი მისი გებულა,
აღყვავებულა სხვა ხე,
ედემად დავანებულა
ანგელოსთ მეინახე!

დაივიწყეს აჩრდილთ მოთქმა
და სიკვდილის ჭალაკი,
განახლებულ კაცთა მოდგმას
ერგო საღვთო ქალაქი.

ვის წყალობა ზეცით თან სდევს
მსხვერპლის არდარიდებით,
ის აღდგომის შარავანდედს
შეიმოსავს დიდებით!

რა შვებაა, რა ზარია
აღსდგა ღმერთი სულმნათი,
დედამიწა ტაძარია,
ზეცა – მისი გუმბათი.”