18 აპრილი, 2020

უდიდესი სასწაული ელენე ახვლედიანისთვის

უდიდესი სასწაული ელენე ახვლედიანისთვისმხატვარ ელენე ახვლედიანისთვის ყოველთვის სასწაულად აღიქმებოდა ის ფაქტი, რომ მის დაბადების დღეზე 18 აპრილს დღისით, მზისით თოვლი მოსულა და თელავი თეთრად გადაპენტილა:

“…თოვლი.. ხომ იცით, რატომ მიყვარს განსაკუთრებით ბუნების ეს საოცრება?
როცა დავბადებულვარ, აპრილი იდგა, 18 აპრილს, დღისით, მზისით, თოვლი მოსულა, სულ გადაპენტილა თელავი, ვახვახიშვილის ციხე–კოშკები…

ამიტომ ნახეთ, ჩემს სურათებში რამდენი თოვლია…”

ელენე ახვლედიანის ნიჭი მწერალმა ვასილ ბარნოვმა აღმოაჩინა. ის თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში ასწავლიდა და პატარა გოგონას კლასში გამოუცხადა:

“ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით.

შენ კი, ელენე, ხატე, ხშირად ხატე. თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება.”

სასწავლებელში ხატვას პოლონელი მხატვარი და პედაგოგი ნიკოლა სკლიფასოვსკი ასწავლიდა. მას ელენეს მშობლებისთვის უთქვამს, არ ვიცი, ეს გოგო როგორი მუსიკოსი გახდება, მაგრამ ძალიან კარგი მხატვარი რომ გამოვა, ამის გარანტიას გაძლევთო…

„ხატვა ბავშვობიდან მიტაცებდა, მაგრამ მუსიკა მიყვარდა უფრო მეტად. თუ სახლში ვარ, მუსიკის გარეშე არ ვხატავ“ – ამბობდა ელენე ახვლედიანი

თბილისის სამხატვრო აკამდემიაში გიგო გაბაშვილის კლასში სწავლობდა, მერე – პარიზში…

ელენე ახვლედიანი მართლაც საოცარი მხატვარია. ის თავისი ნამუშევრებით თელავისა და თბილისის მემატიანე გახდა და თავის ნახატებში ამ ორი უძველესი ქალაქის საოცარი ადგილები შემოინახა.