21 აპრილი, 2020

თამარ მარჯანიშვილი – სიკეთისთვის დასჯილი იღუმენია

თამარ მარჯანიშვილი - სიკეთისთვის დასჯილი იღუმენიათამარ მარჯანიშვილი ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის უფროსი და სიკეთისთვის დაისაჯა.

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ გოგონას დიდ მომავალს და წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ცხოვრებამ მას მუსიკალურ კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხო მისია დააკისრა.

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში შემთხვევით მოხვედრილი თამარის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. საღვთო ლიტურგიამ, იღუმენიას გალობამ და ტაძრის ატმოსფერომ გოგონას მონაზვნობა გადააწყვეტინა.

უახლოესი ადამიანების ბევრი ხვეწნა-მუდარის და მცდელობის მიუხედავად, თამარი მონაზვნად აღიკვეცა, იუვენალია ეწოდა და ბოდბის მონსატრის იღუმენია გახდა. ამ პერიოდში ქართულად წირვა-ლოცვა იკრძალებოდა, თამარ მარჯანიშვილმა იმდენი შეძლო, რომ ბოდბის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა და ბოდბის მონასტერში წირვა–ლოცვა და გალობაც ქართულად აღევლინებოდა.

თამარ მარჯანიშვილს ხშირად დახმარებისთვის მიმართავდნენ გაჭირვებული გლეხები, ამის გამო, იღუმენია რევოლუციონერებისგან ხშირად მუქარის შემცველ ანონიმურ წერილებს იღებდა.

ერთხელ თბილისიდან ბობდბეში მიმავალ დედა თამარს თავს დაესხნენ, რის გამოც სინოდმა იგი საქართველოდან გაიწვია, რაც გადასახლებას უდრიდა. თამარ მარჯანიშვილი მოსკოვში გადაიყვანეს. თავისი ცხოვრების ამ პერიოდის გახსენება მას ყველაზე მეტად არ უყვარდა.

სერაფიმო–პონეტაევის მონასტერში ლოცვისას დედა თამარს ღვთისმშობელი გამოეცხადა და მონასტრის დაარსება ურჩია. ამ პერიოდში მას განდეგილად ცხოვრება სურდა, თუმცა სასულიერო მამების რჩევით გადაწყვიტა დამორჩილებოდა ღვთისმშობლის ნებას. დედა თამარის ინიციატივით რუსულმა ეკლესიამ სერაფიმე–ზნამენსკის სკიტი ააშენა. თამარ მარჯანიშვილი აქ დიდი სქიმით შეიმოსა და სქიმიღუმენია თამარი გახდა. აქვე ეწოდა რუსიფიცირებული სახელი ფამარი.

სავანემ მხოლოდ 12 წელი იარსება, რადგან იგი ბოლშევიკებმა გაანადგურეს. დედა თამარმა 10 დასთან ერთად პერხუშკოვოში პატარა სახლში დაიწყო ცხოვრება. თუმცა დედა თამარი რამდენიმე მონაზონთან ერთად დააპატიმრეს. ბრალად საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოთავეებთან კავშირი დასდეს და ბუტირკის ციხეში ჩასვეს, სადაც მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა. 60 წლის დედა თამარს განაჩენი გამოუტანეს – 5 წლით გადასახლება ირკუტსკის ოლქში.

კოტე მარჯანიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ თავისი და პატიმრობიდან დაეხსნა, მაგრამ მის თხოვნას ხელისუფლება არაფრად აგდებდა. რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეგობრებმა მაქსიმ გორკიმ და მხატვარმა პავლე კორინმა შეუძლებელი შეძლეს და სქიმიღუმენი თამარი ვადაზე 2 წლით ადრე გადასახლებიდან დააბრუნეს.

დედა თამარს საქართველოში ცხოვრების უფლება არ მისცეს. იგი მოსკოვთან ახლოს დასახლდა. ამ დროს უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, გადასახლებაში უჩვეულო კლიმატს ვერ გაუძლო და ტუბერკულიოზით დაავადდა.

თამარ მარჯანიშვილი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მოსკოვში ვედენის მთაზე დაკრძალეს. დედა თამარის საფლავზე წარწერაა: „რომელი მრწმენა, ცხონდესვე უკუნისამდე.”

იღუმენია თამარ მარჯანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.