26 აპრილი, 2020

ყველაზე გულწრფელი ნინო სუხიშვილი

ყველაზე გულწრფელი ნინო სუხიშვილინინო სუხიშვილი და მისი ძმა უმცროსი ილიკო სუხიშვილი მესამე თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ანსამბლ “სუხიშვილებს” უძღვებიან.

ნინო ამბობს, რომ ეს მარტივი არ არის, რადგან და-ძმას კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ არა მარტო ქართველი, არამედ მსოფლიო მაყურებლის წინაშე.

სამხატვრო აკადემიაში სწავლისას ნინოს სულ სხვა გეგმები ჰქონდა, თუმცა ბაბუას გარდაცვალებამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ილიკო სუხიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე კი შვილიშვილს დაუბარა – შენ უნდა გააკეთო ისე, რომ სუხიშვილის გვარი არასდროს ჩამოვიდეს მსოფლიო აფიშებიდანო. და ნინოც მხარში ამოუდგა ბებიას – ნინო რამიშვილს, რომელმაც 90 წელი იცოცხლა და ბოლო წლებში შვილიშვილს სინანულით ეუბნებოდა, შენ არ იცი, რა ცოტაა 90 წელიო.

ბებიასა და ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, ნინო ბავშვობას და უდარდელ ცხოვრებას გამოეშვიდობა და მშობლებთან ერთად ანსამბლის საქმიანობაში ჩაერთო. მამის – თენგიზ სუხიშვილის გარდაცვალების შემდეგ კი, ნინო და ილიკო წინა თაობების დატოვებულ საქმეს ჩაუდგნენ სათავეში.

მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა, ბებია და მამა დიდი ხანია გარდაიცვალნენ, მათ გარეშე ანსამბლთან დაკავშირებული არანაირი საკითხი არ წყდება. ნინო და ილიკო სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ყოველთვის ფიქრობენ, რას იტყოდნენ ამაზე ილიკო, ნინო, თენგიზი და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ…

სამაგიეროდ, “სუხიშვილების” მემკვიდრეებს ნაკლებად აღელვებთ რას იფიქრებს და რას იტყვის ხალხი. ილიკოს და ნინოს ბევრი ცეკვა, ახლა რომ კლასიკა ჰქვია, სწორედ მათი ფანტაზიის ნაყოფია, ბევრი ცეკვა მათი მოგონილია, რა თქმა უნდა, ხალხურ მოტივებზე. ყველა სიახლეს მაშინაც და ახლაც ხალხი აზრთა სხვადასხვაობით იღებდა. ეს დღესაც გრძელდება და უმცროს ილიკოს ხშირად აკრიტიკებენ ახალ ცეკვებთან დაკავშირებით. თუმცა ნინომაც და ილიკომაც კარგად იციან, რომ მათი ბაბუა და ბებია თავისივე დადგმულ ცეკვებს სულ ავითარებდნენ და ცვლიდნენ – გასული საუკუნის 40-იან წლებში დადგმული ცეკვა 60-იან წლებში წარმოდგენილი იმავე ცეკვისგან განსხვავდებოდა.

ნინო სუხიშვილი გულწრფელად აღიარებს, რომ და-ძმას საკუთარი პასუხისმგებლობა გათავისებული აქვთ, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და ზღვა ენერგიაა საჭირო. მათ ისიც ესმით, რომ სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ამიტომაც საკუთარ თავებს არანორმალურებსაც უწოდებენ.