24 აპრილი, 2020

“მწერალი რომ ვიყო, რომანს დავწერდი…”

"მწერალი რომ ვიყო, რომანს დავწერდი..."– მწერალი რომ ვიყო, რომანს დავწერდი ამ, აი, არ ვიცი ვისზე: “კაცი (კაცი? ადამიანი?), რომელსაც ნახევარი საათი დაენანა,” – ამბობს ზურაბ მეძველია და მის თავს გადამხდარ ისტორიას გვიზიარებს:

“გუშინ გადავეცი მონაცემები – ჩემი პირადი ნომერი, ჩემი მეგობრის პირადი ნომერი, მისი მანქანის ნომერი, ზუსტი დასახელება და ფერი, მთლიანი მარშრუტი (ყიფშიძე, უშანგი ჩხეიძე, სამედიცინო ცენტრი ლისის ტბასთან და უკან). ხვალ ათიდან ელოდეთ, ვაიბერზე მოგივათ ერთჯერადი საშვიო. საღამოსვე ველაპარაკე ექიმს. შევიდა ჩემ მდგომარეობაში – რაც საჭიროა უსაფრთხოებისთვის დაგახვედრებთ და ნახავთ დედათქვენსო.

ველოდები ათიდან. თან ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ… თუ მართლა ვნახავ, დავრეკავ დისშვილებთან და ჩემი “თარჯიმნობით” ვალაპარაკებ… ან მე კი გავიგებ რამეს? ძაან წაერთვა ხმა, მაგრამ თუ ყურს პირთან მივუტან, ეგებ გავიგო… მაგრამ ეგრე ახლოც მიმიშვებენ?…

11.22. ზარია მობილურზე.
– ბატონი ზურაბი ბრძანდებით?
– დიახ.
– ეხლა ვაიბერზე მოგივათ საშვი. თორმეტის ნახევრიდან პირველის ნახევრამდე. ამაზე ადრე ან ამაზე გვიან მოძრაობისთვის დაჯარიმდებით.
– ჰააა? მოიცათ, ეხლა, 8 წუთში? ჯერ არ ვართ მზად – მარტო უსაფრთხოდ ჩასაცმელად მინდა რაღაც დრო… და უკაცრავად, ერთ რამეს გეტყვით – მომაკვდავ დედაჩემთან გამოსამშვიდობებლად მივდივარ იქ და… ეგებ დრო…
– კარგით, მაშინ გადავწევ ერთი საათით.
– დიდი მადლობა!

ცოტა ხანში მოდის საშვი ვაიბერზე. არც ვკითხულობ, ეგრევე ვუგზავნი ალიკას. და მერე ვკითხულობ და რომ მგონია, ორსაათიანია, არა – უბრალოდ ერთი საათითაა დრო გადაწეული. პირველის ნახევრიდან ორი ნახევრამდე…

ვურეკავ ალიკას – არ გინდა პლეხანოვი, ზოოპარკის გადაღმა დაგხვდები. გავრბივარ მარჯანიშვილზე აფთიაქში საჭირო რაღაცისთვის, მერე მივრბივარ გმირთა მოედნისკენ…

12.30. ალიკა ქოქავს მანქანას. გამომიარა. გინების თავი არ მაქვს. არადა, თუნდაც ყოველ შუქნიშანზე სხვა არაფერი მინდება. კიდე ეს მიხვეულ-მოხვეული გზა და ნაწვიმარი თუ წვიმაც თუ რავი, რაცაა. თან ვითვლით, უკან როდის უნდა წამოვიდეთ, რომ მოასწროს.

შევრბივარ. იქ დაპირებისამებრ მახვედრებენ ყველაფერს – ხელთათმანი, პირბადე, ხალათი. შევდივარ. შეერთებულია რაღაცეებზე. არაფერი მესმის. ცდილობს, მაგრამ ისე ვერ ამბობს, რომ გავიგო. მე ვლაპარაკობ. მგონი რაღაც სისულელეებს… ვერ გადმოვეწყვე ისე, რომ ის კაცი (კაცი? ადამიანი?) დამავიწყდეს.
8 წუთი. ფაქინგ 8 წუთი გამოვიდა სულ.

გამოვრბივარ. არა, რა პლეხანოვი, ისევ ზოოპარკთან ჩამოვალ.

მოვდივარ და თან საათს ვუყურებ. ლაგუნასთან გავჩერდი და ვურეკავ ნინოს – მოვიდა ალიკა, მოასწრო? – კი, ეხლა შემოვიდაო.

ვიძრობ ხელთათმანებს თავის პირბადით. ვიღებ სიგარეტს, ვუკიდებ და, აი, მანდ ამომასხა. ტირილიანი გინება. საშინელი მოსასმენი ყოფილა…

თუ ეს არ ნახეს და არ გაბრაზდნენ, დაკრძალვისთვის ალბათ გამომიწერენ საათნახევრიანს. არა უშავს, შესასვლელთან ახლოსაა.”