2 აპრილი, 2020

გოგი ქავთარაძის გულწრფელი აღსარება

გოგი ქავთარაძის გულწრფელი აღსარებარეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე გულწრფელად აღიარებს, რომ ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დაუშვია. ამიტომაც დაგეგმა მუშაობა წიგნზე სახელწოდებით “შეცდომები”, სადაც მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპები გააერთიანა. მიაჩნია, რომ შეცდომების გარეშე ადამიანი ვერ განვითარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მსახიობი ჰგონია, გოგი ქავთარაძე პროფესიით რეჟისორია. მისი შემოქმედებითი ცხოვრების მთავარი ნათლია რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეა. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული გოგი ქავთარაძის პირველი თეატრალური როლი.

მარჯანიშვილის თეატრში გიგა ლორთქიფანიძის ასისტენტად მისული გოგი ქავთარაძე მოულოდნელად სპექტაკლში “მე ვხედავ მზეს” მთავარ როლზე დამტკიცდა, თან ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. წინააღმდეგობების მიუხედავად, გიგა ლორთქიფანიძემ მაინც თავისი გაიტანა და სრულიად გამოუცდელი 18 წლის გოგი ქავთარაძე 3-საათიან სპექტაკლში მთავარ როლზე აიყვანა.

მსახიობი არ მალავს, რომ თუ დღეს იგი რამეს წარმოადგენს, გიგა ლორთქიფანიძის, მიხეილ თუმანიშვილის, დოდო ალექსიძის და ვასილ ყუშიტაშვილის დამსახურებაა.

ენატრება თეატრი და სცენა, ენატრება აქტიური სამუშაო პროცესი. ამ მონატრებას კი სხვადასხვა თეატრებში მიწვევებით ინაზღაურებს – როცა თეატრების ხელმძღვანელები მათთან სპექტაკლების დადგმას სთხოვენ.

რაც შეეხება კინოს, მისი დებიუტი მიხეილ კობახიძის ფილმში “ქორწილი” ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ ნამუშევარი შედევრად აღიარეს. უფულოდ გადაღებული ფილმის გმირი კი მისი საყვარელი კინოროლია.

გოგი ქავთარაძე 45 ფილმშია გადაღებული და მისთვის უდიდესი ბედნიერებაა, როცა ქუჩაში ცნობენ და რომელიმე პერსონაჟის სახელით მიმართავენ.