ეკა ბეჟანიშვილი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ყველაზე პატარა მსხვერპლი აღმოჩნდა.
„ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“ – ეს ფრაზა ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა. ფრაზა, რომელიც გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და თავისი სახელი და გვარი მთელ საქართველოს სამუდამოდ დაამახსოვრა.
ტიბაანელი გოგონა კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იყო, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებულ მიტინგებზე კლასელებთან ერთად დაიწყო სიარული.
როგორც ეკას დედა ქალბატონი ლალი ყანჩაველი იხსენებს, გოგონა სახლში ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა. 8 აპრილს მამამ ეკა მასწავლებელთან დატოვა, იქიდან გოგონა აქციაზე წავიდა. საღამოს 8 საათი რომ გახდა და სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს – მივიდნენ სკოლაში, პარლამენტის წინ, დადიოდნენ და მომიტინგეებს ეკითხებოდნენ ეკას შესახებ.
ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო. ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მას მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა. იგი საკუთარი შვილის დაკრძალვასაც არ დასწრებია.
პატარა გმირი გოგონას დედამ მხოლოდ მოგვიანებით გაიგო – 9 აპრილის მოვლენების მომსწრე ერთ-ერთ პოლიციელს უთქვამს, ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, რომელიც ეკა ბეჟანიშვილი იყო.
