10 აპრილი, 2020

აკა მორჩილაძე რეზო გაბრიაძეზე

აკა მორჩილაძე რეზო გაბრიაძეზემწერალი აკა მორჩილაძე თავის უფროს კოლეგასთან რეზო გაბრიაძესთან შეხვედრას იხსენებს:

“ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი.

იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, – ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ. ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო.

მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი.

ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო.

კაცმა თქვა, – სიყვარულიდან ჩამოვედიო.

ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა…

ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს.

მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე.

მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე.

ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა.

მოვიგეთ, ფეოლა…

გაგიჭირდებოდათ.

მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ.”