27 მარტი, 2020

ტარიელ ხარხელაურს: “მკითხველი ნამდვილად არ გაპატიებს”

ტარიელ ხარხელაურს: "მკითხველი ნამდვილად არ გაპატიებს"პოეტ ტარიელ ხარხელაურს მისი უმცროსი კოლეგა პაატა შამუგია უმტკიცებს, რომ მკითხველი ნამდვილად არ აპატიებს პრემიერ მინისტრისთვის გიორგი გახარიასთვის ლექსის მიძღვნას.

“მადლიერების გრძნობით გიორგი გახარიას

ყოველი ნერვით საქართველო უნდა გტკიოდეს,
თავი გადადო, მსახურება თუ დაივალე…
გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის
იმათთაგანაც ერთი იყო მხოლოდ ბრწყინვალე.
დღეს რთული დროა, რთული დროა, საოცრად რთული,
ათასი მტერი დაბოგინობს შინა თუ გარეთ,
შენს მკერდში უნდა ბობოქრობდეს დავითის გული,
რომ გაუღვივო საქართველოს იმედი ხვალის.
სირცხვილიანი ბევრჯერ მოვრწყეთ სისხლით მინდორი,
ბევრჯერ ავისხით სისხლიანი დღენი ბინდებად,
საქართველოსთვის ოცნებაა მხოლოდ დიდგორი,
დღეს სულ ახალი, უჩვეულო სიბრძნე გვჭირდება.
არ დაგამძიმოს შენი ქვეყნის მაღალმა ჩრდილმა,
დიდი იქნები – თუ ამ ჩრდილით მზეზე გამოხვალ,
სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა,
მამული ჩემი დღეს ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა..
ვერ შესძლო ჟამმა, ვერ დანისლა, ვერა, კრწანისი,
დრომ ბაზალეთი დაგვიტოვა მუდმივ იარად,
ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ “შვილო” ხვალისთვის,
სხვა გზა არა არის! – ხანჯლის პირზე უნდა იარო…”

პოეტი პაატა შამუგია ტარიელ ხარხელაურის ამ სახოტბო ლექსმა გაანაწყენა:

“გალაკტიონს ცოლი რომ გადაუსახლეს და მერე გადამსახლებლებს დითირამბებს უძღვნიდა, ეგ მას აპატია მკითხველმა ორი მიზეზის გამო – პირველი: დიდი პოეტი იყო და მეორე და მთავარი: ანტიადამიანური რეჟიმი იყო და მასთან გასამკლავებლად ინდივიდი, უბრალოდ, უძლური იყო. შეუძლებელს გალაკტიონისგანაც არ ითხოვენ.

აი, დღეს, როცა ბელადზე ლექსის არდაწერის გამო არც ცოლს გადაგისახლებენ და არც ფსიქიატრიულში გამოგამწყვდევენ და შენ მაინც ადგები, გახარიაზე ლექსს დაწერ, თან გიორგი ბრწყინვალეს შეადარებ ადამიანს, რომელმაც კარიერა იმით დაიწყო, რომ მისმა თანამშრომლებმა შენი ხელფეხშეკრული კოლეგა საპატიმროში აწამეს, მერე ამ შენგან ხოტბამისხმულმა კაცმა 19-20 წლის გოგო-ბიჭებს თვალები დასთხარა და ბოდიშიც კი არ მოუხდია, მაგას მკითხველი ნამდვილად არ გაპატიებს. თან, გალაკტიონიც არ ხარ…

კარგად ვიცნობ იმ პოეტს, რომელმაც ეს ჩაიდინა და განსაკუთრებით ამის გამო დამწყდა გული. უწერენ ახლა იქ სამთავრობო ბოტები და ტროლები, გენიალური ხართ ორივე – თქვენც და გახარიაცო..”

ტარიელ ხარხელაურმა პაატა შამუგიას ასე უპასუხა:

“პატივაყრილი მორალი და
პატივაყრილი ტრადიცია,
მსხვერპლად ეწირება მომავლის და
დროის დაუნდობელ ამბიციას,
გულო, ტკივილებით დასერილო,
დღენი, სისხლს მიშრობენ უმზეონი,
რადგან წუთისოფლის ბრმა სცენიდან
მორალს მიკითხავენ, უზნეონი…”