5 თებერვალი, 2020

სიმართლე მედეა ჯაფარიძეზე და რეზო თაბუკაშვილზე

რეზო თაბუკაშვილის მიძღვნა მედეა ჯაფარიძესმსახიობ მედეა ჯაფარიძეზე და კინორეჟისორ რეზო თაბუკაშვილზე არაერთი ისტორია ვრცელდება: ზოგი მართალია, ზოგი, – ტყუილი, ზოგიც – ხალხის მიერ მოგონილი ჭორი.

როდესაც წყვილი დაქორწინდა, იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში, საწყალი რეზო და მედეა სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები მწარედ მოთქვამდნენო.

ამ ისტორიასთან დაკავშირებით სიმართლეს ყვებოდა მედეა ჯაფარიძის უახლოესი მეგობარი და მეჯვარე – ტიციან ტაბიძის შვილი – ნიტა ტაბიძე:

“გუშინდელივით მახსოვს: ღამის 12 საათია, რეკავს ტელეფონი:

– მედიკო, რა მოხდა, – ვეკითხები, – რა გინდა თბილისში?

– ახლა ჩამოვფრინდი, პირდაპირ აეროპორტიდან მოვდივარ, აუცილებლად უნდა მოხვიდე ჩემთან.

რა მექნა? წავედი…

სახლს რომ მივუახლოვდი, ვხედავ, აივანზე დგას და მელოდება. ვეკითხები:

– რა მოგივიდა?

– უბედურება დამემართა, რეზოს საზღვარგარეთ აგზავნიან, ეგ კი უარს ამბობს.

რეზო ვინ არის–მეთქი. თურმე რეზო მოსკოვში გაიცნო იოსებ ნონეშვილისა და რეზო ხერგიანის საღამოზე. მერე სახლამდე მიუცილებია, თან მთელი გზა ლექსებს უკითხავდა…

– მოკლედ, რეზო ახლა უარს ამბობს საზღვარგარეთ წასვლაზე და სხვა რა გზა მქონდა, გამოვეცალე, დავაგდე ყველაფერი და გამოვიქეცი თბილისში. რატომ უნდა აირიოს ახალგაზრდა კაცმა მთელი ცხოვრება ჩემ გამო… მე ვუღუპავ კარიერას. თან უცხო ქვეყნების ნახვა მისი ოცნებაა, მაგიტომაც ჩააბარა დიპლომატიურზე, მანამდე კინაღამ “მატროსად” წავიდა გემზე. ახლა კი ჩემი გულისთვის ყველაფერზე უარს ამბობს…

ამას ყვება და უცებ კარი იღება და შემოდის რეზო…

გაუგია მედიკოს გაქცევის ამბავი, მივარდნილა აეროპორტში და ბოლო რეისისთვის მიუსწრია. ასე უცნაურად მოხდა ჩემი და რეზოს გაცნობა. მერე განუყრელი მეგობრები გავხდით. რეზო და მედეა კი – ეს მართლაც გასაოცარი სიყვარული იყო.

კარგად მახსოვს მედეას და რეზოს ქორწილის დღე. სტუმრები 4 საათისთვის იყვნენ დაპატიჟებული, მაგრამ რეზომ აიჩემა, დილაადრიანად მოვაწეროთ ხელი, ხომ იცით ქალის ამბავი, უცებ არ გადაიფიქროსო. მე და გივი დოლიძე მეჯვარეები ვიყავით. მივედით “ზაგსში”, ჩატარდა რიტუალი, გარეთ გამოვედით, რა ვქნათ ახლა, წინ უამრავი დროა. მე და მედიკომ საპარიკმახეროში გადავწყვიტეთ შესვლა. ბიჭებმა გაისეირნეს. გამოვედით საპარიკმახეროდან, მაგრამ წინ კიდევ 4 საათი გვქონდა. ამ დროს თქეში წამოვიდა. ჩვენ შევასწარით სადარბაზოში, მხოლოდ რეზო გაილუმპა. შარვალიც შედგა და დაუმოკლდა. რეზო დადგა წვიმაში და შესძახა, რა დროს ჩემი ცოლია, ბოვში ჯერ ვიზრდები კიდევო.

ბოლოს დროის გასაყვანად კინოში შევედით. რაღაც მძიმე სურათი გადიოდა. ფილმი ომზე იყო და განსაკუთრებით პატარა ბავშვების უბედურებამ იმოქმედა ჩვენზე. გამოვედით ცრემლებისგან დასიებული თვალებით. მოვდივართ შუა რუსთაველზე და ცრემლს ძლივს ვიკავებთ მექორწილეები.

იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში, საწყალი რეზო და მედეა სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები მწარედ მოთქვამდნენო.”