ობოლა ციმაკურიძე – ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლე

ობოლა ციმაკურიძე - ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლეპაროდისტი ობოლა ციმაკურიძე 31 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. იგი მდინარე მტკვარში მეგობარ ლაშა ლაშხთან ერთად დაიხრჩო.

ობოლა ციმაკურიძე მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც “დიდების ზღაპრის” 7 გმირი გაახმოვანა.

მსახიობი და პაროდისტი ჯერ საცირკო-საესტრადო ხელოვნების სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი თეატრალურ უნივერსიტეტში სარეჟისორო ფაკულტეტზე რეზო ესაძის ჯგუფში.

ფილარმონიის სოლისტმა კონკურსის “სიცილი 91” 85 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, პაროდიის ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა.

ობოლა წერდა ლექსებს, სიმღერებს, სცენარებს, ასრულებდა მუსიკალურ პაროდიებს. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, მან 100-ზე მეტი პაროდია შეასრულა. სიცოცხლის ბოლო ეტაპზე ფილმის გადასაღებად ემზადებოდა, მაგრამ ტრაგიკულმა შემთხვევამ, მისი ჩანაფიქრი განუხორციელებელი დატოვა.

ჰქონდა თუ არა წინათგრძნობა, ძნელი სათქმელია, თუმცა ბოლო დღეებში ხშირად იმეორებდა ფრაზას საკუთარი ლექსიდან: “გვეძებენ ორს, ალბათ გვიპოვნიან, ალბათ გვირაბში დავიკარგებით!”

ობოლა ციმაკურიძის სახელის უკვდავსაყოფად მისი სახელი საჩხერის კულტურის ცენტრს მიენიჭა, მისმა მეგობრებმა კი კულტურის ცენტრის გვერდით ობოლასა და ლაშას ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი დადგეს.

ობოლას ნიჭიერება მის შვილში – ნუცა ციმაკურიძეში გაგრძელდა. გოგონა საოცრად მღერის და ათასობით გულშემატკივარი ჰყავს.