8 სექტემბერი, 2019

ანრი მაჭავარიანის პირველი გამოფენა საქართველოში

ანრი მაჭავარიანის პირველი გამოფენა საქართველოშიწარმოშობით ქართველი, ცნობილი ფრანგი მხატვრის ანრი მაჭავარიანის პერსონალური გამოფენა საქართველოში პირველად გაიმართა.

ექსპოზიცია ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მოეწყო და მას აჭარის ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის 2008 წელს შექმნილი ნახატები, რომლებიც იმ უიარაღო ქართველებს მიუძღვნა, ვინც რუსული ჯარების მიერ ოკუპაციის გამო დაზარალდნენ.

ანრი მაჭავარიანის პირველი გამოფენა საქართველოში

– ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში, მამაჩემის ქვეყანაში, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. მადლობა ელისო ბოლქვაძეს ამ შესაძლებლობისთვის.

ძალიან ამაღელვებელი და ემოციურია ჩემთვის ქართველი დამთვალიერებლის წინაშე ნამუშევრების გამოფენა.

იმედი მაქვს კიდევ შევძლებ გამოფენის გამართვას საქართველოში, – აღნიშნა ანრი მაჭავარიანმა.

ანრი მაჭავარიანის პირველი გამოფენა საქართველოში

გამოფენას სპეციალურად ღონისძიებისთვის ჩამოსული საპატიო სტუმარი იუნესკოს მშვიდობის ელჩი მადლენ გობეი დაესწრო და ანრი მაჭავარიანის შემოქმედების შესახებ ისაუბრა.

მხატვრობის პარალელურად წლების განმავლობაში ანრი მაჭავარიანის ხელწერის ქვეშ ცნობილი ბრენდების უზარმაზარი აფიშები და სარეკლამო ილუსტრაციები იყო პარიზის, რომის, მილანის და ტოკიოს ქუჩებში გამოფენილი, რომელსაც მილიონობით მნახველი ჰყავდა.

მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ანრი მაჭავარიანი რეკლამის ბიზნესსა და მოდის სამყაროში საუკეთესო ილუსტრატორად არის აღიარებული.