6 აგვისტო, 2019

ღამის სერენადები – ბათუმი-თბილისის XI საერთაშორისო ფესტივალი

ღამის სერენადები - ბათუმი-თბილისის XI საერთაშორისო ფესტივალიფესტივალი “ღამის სერენადები” წელს უკვე XI-ედ ჩატარდება. აგვისტოს ბოლო დღეებს კლასიკური მუსიკის მოყვარულები განსაკუთრებული მონდომებით ელოდებიან. ფესტივალის დაუვიწყარი საღამოები 25 აგვისტოს ბათუმში აიღებს სტარტს და 4 სექტემბერს თბილისში დასრულდება. ფესტივალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

ფესტივალთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. “ღამის სერენადების” სიახლეები ჟურნალისტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა, ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა და მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ გააცნეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, წელს ფესტივალი დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას შესთავაზებს. 25, 27 და 28 აგვისტოს საფესტივალო პროგრამით დაგეგმილი საღამოები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება. 2 სექტემბერიდან კი ფესტივალი თბილისში გადმოინაცვლებს.

2 და 4 სექტემბერს “ღამის სერენადები” მსმენელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში უმასპინძლებს.

ღამის სერენადები - ბათუმი-თბილისის XI საერთაშორისო ფესტივალი

„ღამის სერენადები 2019“-ის საფესტივალო კონცერტებზე აჟღერდება მსოფლიო კლასიკის შედევრები და მათ შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები საქართველოდან“.

ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. წლევანდელი “ღამის სერენადების” მონაწილეები არიან მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნი (ფინეთი-ინგლისი), ჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონი (ფინეთი), მოწვეული დირიჟორი პანტელის კოგიამისი (საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო პიანისტ ერლან სერკებაევის, მევიოლინე ბაღდატ აბილხანოვისა და ჩელისტი ყურვანჟან ახატოვის შემადგენლობით, პიანისტი სანდრო ნებიერიძე.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს „კონცერტი ჩელოსთვის“ შეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი – ჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონი.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში შესაძლებელი გახდა მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძე, 2018 წლიდან კი მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია მისი ძმისშვილი – გიორგი ისაკაძე, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს.

2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფესტივალს „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.

ღამის სერენადები - ბათუმი-თბილისის XI საერთაშორისო ფესტივალილევან ხარატიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე:

– ჩვენი სამინისტროსთვის და ქვეყნისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც მეთერთმეტედ ტარდება. პროგრამა არის ყოველ წელს საკმაოდ სასინტერესო და მრავალფეროვანი. ,,ღამის სერენადები“ უდაოდ ინარჩუნებს იმ სტანდარტს და ხარისხს, რომელიც დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით საინტერესო იქნება როგორც ქართველი ასევე უცხოელი მსმენელისთვის. წლევანდელი პროგრამა არის საკმაოდ საინტერესო, მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიიან ნინო სურგულაძე, ნანა იაშვილი, ვახტანგ მაჭავარიანი და სხვა უცხოელი მუსიკოსები. ისინი გვპირდებიან საუცხოო სანახაობას, რომელსაც აგვისტოსა და სექტემბრის თვეში როგორც ბათუმში ასევე თბილისში იხილავს ქართველი და უცხოელი მსმენელი. ჩვენი სამინისტრო მუდმივად და ტრადიციულად ხელშემწყობი იქნება ფესტივალის.

ღამის სერენადებინინა ცაგარელი, ფესტივალის დირექტორი:

– წელს ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ 25, 27, 28 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში ჩატარდება, 2 და 4 სექტემბერს კი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადმოინაცვლებს.
პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია. გათვლილია ყველა ასაკის და გემოვნების მსმენელზე. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, პაბლო სარასატე, პეტრე ჩაიკოვსკი, ბენჯამენ ბრიტენი, პიაცოლა, დიმიტრი შოსტაკოვიჩი, სამუელ ბარბერი, ანტონ ვებერნი, მანუელ დე ფალია – ეს ის კომპოზიტორებია, რომელთა ნაწარმოებებიც აჟღერდება ჩვენს ფესტივალზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ტანდემი ვაჟა აზარაშვილის და უცხოელი ცნობილი ჩელისტის იან ერიკ გუსტავსონის, რომელიც შეასრულებს ბატონი ვაჟას ჩელოს კონცერტს, პირველად შეასრულებს საქართველოში და რეპერტუარშიც შეიტანს.

ფესტივალზე ასევე წარსდგება ჩვენი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე დავით შამანაურთან ერთად, ისინი შეასრულებენ შოსტაკოვიჩის პირველ კონცერტს. ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანია.

ღამის სერენადები - ბათუმი-თბილისის XI საერთაშორისო ფესტივალინინო სურგულაძე, მეცო-სოპრანო:

– ფესტივალში პირველად ვიღებ მონაწილეობას და განსაკუთრებით მიხარია, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძე არის ჩემთვის უსაყვარლესი პიროვნება. ის არის ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელი წლების მანძილზე, დღეს-დღეობით მას გვერდში უდგას გიორგი ისაკაძე, ისინი ორივენი არიან სამხატვრო ხელმძღვანელები. ქალბატონი ნინა ცაგარელი, რომელიც არის ფესტივალის დირექტორი, აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი მთავარი გმირი.

წელს პირველად მოხდა ის ფაქტი, რომ ვოკალური ნაწილი შედის ფესტივალში, აქამდე მხოლოდ ინსტრუმენტალური იყო. ძალიან ბევრი საინტერესო საერთაშორისო სტუმარი ჩამოდის. ჩვენთვის, ტურიზმისა და ხელოვნების პროპაგანდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი, რომელიც არის მაღალი დონის და საინტერესო. ფესტივალის დასკვნით ნაწილში, 4 სექტემბერს მე და ორკესტრი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით, შევასრულებთ მანუელ დეფალიას არაჩვეულებრივ ვოკალურ ციკლს – ,,ელამორ ბრუხო“, რომელიც სავსეა სიყვარულით, ვნებით, ესპანური ხალხური საუკეთესო მელოდიებით. მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფესტივალზე წარვსდგები. ასეთი ფესტივალები მაქსიმალურად უნდა იყოს ხელშეწყობილი.

ღამის სერენადები - ბათუმი-თბილისის XI საერთაშორისო ფესტივალიმაკა ნასრაშვილი, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე:

– აღდგენიდან მეთერტთმეტე წელია უკვე ფესტივალი ტარდება ბათუმსა და თბილისში. ქალაქ თბილისის მერია არის ამ ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერი და პარტნიორი. ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. მისი დამაარსებელი და დამფუძნებელია დიდი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე, უკვე მეორე წელია ამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ასევე გიორგი ისაკაძე, უცვლელი დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი. ქალაქ თბილისის მერია კვლავინდებურად გააგრძელებს ფესტივალის მხარდაჭერას, რადგან ,,ღამის სერენადები“ თბილისის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია – „არტ ალიანსი“.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.