17 ივლისი, 2019

პოეტ ზაზა კოშკაძის უარი ლიტერატურის ფონდს

პოეტ ზაზა კოშკაძის უარი ლიტერატურის ფონდსპოეტ ზაზა კოშკაძის მიერ ბოიკოტის ნიშნად ლიტერატურის ფონდისთვის ნათქვამი უარი, მისმა კოლეგებმა დიდ გაბედულებად შეაფასეს და გადაწყვიტეს კოლეგას ირლანდიაში წასასვლელად საჭირო ფინანსები თავად შეუგროვონ.

ზაზა კოშკაძე:

“ცოტა ხნის წინ დავწერე და გახარეთ, რომ წელს კიდევ ერთხელ ვიყავი მიწვეული სამეცნიერო ფანტასტიკის მსოფლიო კონგრესზე დუბლინში, სადაც პროგრამის მონაწილის რანგში მომიწევდა პანელ დისკუსეიბში მონაწილეობა.

ამ ყველაფრის ფინანსური მხარდამჭერი იყო ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი დეა მეტრეველის თაოსნობით და სულაკაურის გამომცემლობა. კონკრეტულად წიგნის ცენტრი იღებდა ვალდებულებას დაეფინანსებინა ჩემი გზა: თვითმფრინავის ბილეთი, თბილისი-დუბლინი-თბილისი. დეას ბრძანება უკვე არსებობდა და ველოდით ვიზას, რომელსაც მიაქვს საკმაოდ დიდ დრო, რადგან საქართველოს მოქალაქეები ირლანდიის ვიზებს მხოლოდ ბულგარეთში იღებენ და საბუთების ჩასვლა-ჩამოსვლას საშუალოდ ერთი თვე მიაქვს.

სწორედ ამ უკანასკნელ ერთ თვეში განვითარდა ის პროცესები, რომელზეც არაერთხელ დავპოსტეთ და ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის. გაუქმდა წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი, რამაც გამოიწვია მწერლების პროტესტი, რაც გადაიზარდა ბოიკოტში, ახლად დაარსებული ლიტერატურული ფონდის მიმართ.

საბოლოოდ შეიქმნა შემდეგი სურათი, დღეს მივიღე ელ-ფოსტით წერილი, რომლის მიხედვითაც, ქალბატონი ირმა რატიანი მიბარებს ამ ხელშეკრულებაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე სასაუბროდ მწერალთა სახლში.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეში პირადად ჩაერთო ქალბატონი ირმა და ორგანიზაცია, რომელთანაც ბოიკოტის რეჟიმში ვართ, გადავწყვიტე, არ მივიდე და უარი ვთქვა ამ ფონდის ფინანსურ მხარდაჭერაზე.

უბრალოდ ემოციურად ვერ შევძლებდი მწერალთა სახლში მისვლას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ მომუშავე ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებს დამართეს.”