2 ივნისი, 2019

დათო ევგენიძის მოგონება გეგა კობახიძეზე

დათო ევგენიძის მოგონება გეგა კობახიძეზეგეგა კობახიძეზე მის მეგობრებს ბევრი რამ აქვთ მოსაგონარი. კომპოზიტორი დათო ევგენიძე გეგასთან ბოლო შეხვედრას იხსენებს, რომელიც ირაკლი ჩარკვიანთან ერთად შედგა:

“ბოლო საღამო და გეგას წასვლა საოცარია. მის ქორწილში ვიყავით მე და ირაკლი ერთად. რაღაცნაირად დისკომფორტში ვიგრძენით თავი ორივემ, ადრე ავდექით და წამოვედით. მაია ზედგენიძესთან მივედით, ვიღაცასთან მივედით და ბოლოს ნუცუბიძის სახლში ავედით. ახალი მოცემული ჰქონდათ, მაშინ ბინებს აძლევდნენ.

იქ “ადიალები” ეყარა, “უდარნიკი” გვედგა, გიტარა, პიანინო… მე და ირაკლი რომ ავედით, დაგვხვდა გეგას წერილი: “ვიყავით მე და კომპანია”. თურმე სულ ყველა მოსულან. ირაკლის ვუთხარი, რადგან გეგა ხვალ მიფრინავს და ქორწილიდან აქ მოვიდა, ე.ი. ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა-მეთქი.

მივაკითხეთ ნუცუბიძიდან. კანდელაკზე ცხოვრობდა პირველ სართულზე, დავუკაკუნეთ, ტრუსიკში იყო, ააყენა ცოლი და წამოვიდა.

არასდროს არ დამავიწყდება ეგ საღამო. ავედით ნუცუბიძეზე, გეგა მაიმუნობდა, “უდარნიკზე” დაჯდა, ირაკლიმ გიტარა აიღო, მე პიანინოზე ვუკრავ და ეს ცოლი არ იღიმის. ირაკლი გავიყვანე სამზარეულოში, ეტყობა ამ გოგოს არ ვევასებით, იმიტომ რომ რაღაც უჟმურია, არც იცინის, არც იღიმება-მეთქი, თურმე რა დროს ღიმილია…

დილის 8 საათზე გეგა მივიყვანეთ სახლში. დათო ტურაშვილს რომ აქვს წიგნში, ქემელის “პაჩკას” ვითომ ქორწილში რომ ისვრის, ჩემი მონაყოლია. სახლში რომ მივიყვანეთ, გეგამ ქემელის “პაჩკა” გადმოგვიღო, თურქბიშ ბრენდო გვითხრა და გვესროლა. 8 ღერი იყო ამ კოლოფში, ირაკლი რომ დავტოვე ელექტრონიკასთან, მე რუსთაველზე მივდიოდი ჩემს ბინაში, 4 ღერი ამოვიღე, ირაკლის მივეცი, 4 ღერი მე დავიტოვე და ვთქვი, მეთქი გეგა როგორ გაგვიქრა-მეთქი. რამ მათქმევინა ეს დღემდე ვერ ვხვდები. ირაკლი, ამ ოთხ ღერს მოწევ, ამ ოთხ ღერს მოვწევ და გეგა გაქრება-მეთქი. ოღონდ ალეგორიუოლად ვუთხარი, როგორ უნდა წარმომედგინა, რა მოხდებოდა.

მძინავს, უკვე შუადღეა და ირაკლი მაღვიძებს, გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო. არ მჯეროდა. არადა, თურქიშ ბრენდო, მესიჯი მოგვცა გეგამ.

დაკითხვაზე ვიყავით მეც და ირაკლიც. ძალიან დიდი ტრავმა იყო გადატანილი გეგათი და ირაკლიმ ხომ საერთოდ მომკლა.”