9 მაისი, 2019

ვინ არის ვაკის პარკში დაკრძალული უცნობი ჯარისკაცი?

ვინ არის ვაკის პარკში დაკრძალული უცნობი ჯარისკაცი?ალბათ ბევრმა არ იცის ვაკის პარკში დაკრძალული უცნობი ჯარისკაცის ისტორია, რომელსაც მოქანდაკე ირაკლი ჟვანია გვიზიარებს:

“ეს იმათმა უნდა იცოდნენ, ვისაც ერის ტკივილი უნდათ პოლიტიკასთან გააიგივონ…

უცნობი ჯარისკაცი, რომელიც ვაკის პარკშია დაკრძალული, 22 წლის ქართველი ბიჭია, დასავლეთ საქართველოდან… სულ პატარა ქართველმა ბიჭმა ქერჩში დაამთავრა სიცოცხლე, გერმანული არმიის საჰაერო დარტყმების საშინელებაში…

მისი სახელი და გვარი მხოლოდ იმ რამოდენიმე კაცმა იცოდა, ვინც ეს ბიჭი ქერჩიდან ჩამოასვენა 1975 წელს, ესენი იყვნენ: გენერალი ჯანჯღავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი თავართქილაძე, პოლკოვნიკი ჩოხელი და პოლკოვნიკი ქანთარია.

…დავალება იყო, რომ ქართველი უნდა მოძებნილიყო საბუთით დამტკიცებული ვინაობით. აქედან ჩასულები – მიწაში, ათასობით ქართველების ძვლებში ეძებდნენ ქართველ ჯარისკაცს, ვისაც ქართული საბუთი ექნებოდა ამ უსახელო საფლავებში. ათასობით უსახელო ქართველი დარჩა უცხო მიწაში… მანშტეინის დივიზიებთან ბრძოლებში 120.000 ქართველი დაიღუპა იმ თვეებში ქერჩში….

…მიაგნეს. ამ სულ პატარა ბიჭს მასრაში ჰქონია ჩადებული პატარა ქაღალდი, ზედ სახელი და გვარი ქართულად ეწერა. გადაწყდა მისი გადმოსვენება საქართველოში… არც ერთს გენერალს თუ ოფიცერს მისი ვინაობა არ გაუთქვამს. ის ერთ-ერთია იმ 300.000 ქართველიდან, ვინც ჩვენი ქვეყნიდან შეეწირა ამ საშინელ კაცისმკვლელ ომს.

პოლკოვნიკი ჩოხელი იგონებდა: “ჯავშანტრანსპორტიორში ჩავასვენეთ და ისე წამოვასვენეთ. როდესაც საქართველოში შემოვედით, გზადაგზა გაშლილი სუფრები გვხვდებოდა, ხალხი გვეგებებოდა, ტიროდა… როდესაც ზუგდიდში ჩამოვედით, სამი მტირალი შაოსანი ქალი მოგვეგება. თურმე ერთ მათგანს სამი შვილი უგზოუკვლოდ დაჰკარგვოდა ომში, მეორეს – ორი, მესამეს კი ტყუპი ძმები აღარ დაბრუნებოდნენ ფრონტდან… სამტრედიაში უარესი ამბავი დაგვხვდა… ზესტაფონში შემოვლითი გზით ვიარეთ, რადგანაც იქაც ზღვა ხალხი გველოდა, არადა თბილისში დროზე უნდა ვყოფილიყავით…
გორშიც ვერ ავცდით დიდ სამგლოვიარო დახვედრას. მახსოვს, კაცებს ურმებზე ხუთასლიტრიანი ღვინის კასრები შემოედგათ და ხალხი ამ ჯარისკაცის შესანდობარს სვამდა…

იმის სინდისი გეყოთ მაინც, რომ ტრაგედიას ნუ გამოიყენებთ თქვენი ბოდვებისთვის და ხალხს აცალეთ პატივი სცენ თავიანთ ახლობლებს…”