11 მაისი, 2019

უახლესი ამბები დოლისყანიდან

უახლესი ამბები დოლისყანიდანისტორიკოსმა ბუბა კუდავამ დოლისყანიდან უახლესი ამბები გაავრცელა:

“სულ ბოლო ამბები დოლისყანიდან:

ტაძართან მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ, გვიან საღამოს, თურქეთში საქართველოს ელჩი ბატონი გიორგი ჯანჯღავა და საელჩოს მრჩეველი დიანა მალაზონია დაუკავშირდნენ ყველა შესაბამის უწყებას, მიაწოდეს ინფორმაცია დოლისყანაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ და სთხოვეს სიტუაციაში გარკვევა.

დღეს, დოლისყანაში ჩავიდნენ შესაბამისი უწყებების თანამშრომლები. როგორც გაირკვა, ტაძრის კარიბჭეში ტუალეტის მოწყობა სოფლის ინიციატივა ყოფილა. მათი წარმოდგენით, საპირფარეშო ტურისტებს მოემსახურებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონდა არც ადგილობრივ ხელისუფლებას და არც კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს.

როგორც ელჩს აცნობეს, სამუშაოები უკვე შეწყვეტილია.

დიდი მადლობა ქართველ ტურისტებს, რომლებმაც პირველებმა ნახეს ადგილზე მდგომარეობა და სასწრაფოდ მომაწოდეს ინფორმაცია.

დიდი მადლობა ბატონ გია ჯანჯღავას და ქალბატონ დიანას მყისიერი რეაქციისა და პროფესიონალიზმისთვის.
განსაკუთრებული მადლობა თურქეთის ქართველებს, თურქეთის სხვა მოქალაქეებს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს პრობლემა. ბევრმა მათგანმა ასევე, საკუთარი არხებით, მიაწვდინა ხმა და თავისი გულისწყრომა ადგილობრივ სამხარეო ხელისუფლებას.

მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საკითხის მოგვარებაში ამ თუ იმ ფორმით.

მოკლედ, ცუდი ამბავი, მაგრამ კარგი გაგრძელება.

ძალა ერთობაშია!”