22 მაისი, 2019

ტანო ტატანო – ბესიკი

ტანო ტატანო - ბესიკი”ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!
 
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!
 
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
 
ბაგემდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა, რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!
 
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!”