13 მაისი, 2019

სპექტაკლი ღმერთის როლ-მორგებული საზოგადოებისთვის

სპექტაკლი ღმერთის როლ-მორგებული საზოგადოებისთვის „თერთმეტი“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც ღმერთის როლ-მორგებული საზოგადოებისთვის დაიდგა.

15, 16 მაისს 20 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დამოუკიდებელი პროექტის „თერთმეტი“ პრემიერა შედგება.

ეს არის წარმოდგენა ათი ქალის გაშიშვლებულ ისტორიაზე, რომლებიც თავიანთი ამბებით ექცევიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში და, უმეტეს შემთხვევაში, იწვევენ აგრესიას.

პიესის ავტორმა და რეჟისორმა ეკატერინე კატო შარიქაძემ გადაწყვიტა, შეეგროვებინა ისტორიები და ერთ ამბად აკინძა. აქ არის ამბები, რომლებიც აშფოთებს, აღაგზნებს, აბოროტებს, შუაზე ხლეჩს საზოგადოებას.

ყველაზე ამაზრზენ ამბავსაც კი გააჩნია საკუთარი სიმართლე, მეორე მხარე, გამართლება. სპექტაკლი ეძღვნება საზოგადოებას, რომელსაც ღმერთის როლი აქვს მორგებული და ადვილად გამოაქვს განაჩენი ადამიანებისთვის.

პიესის ავტორი და რეჟისორი ეკატერინე კატო შარიქაძე, ქორეოგრაფი – ნიკოლოზ ნანიტაშვილი, მუსიკალური გაფორმება – ალექსანდრა ლორთქიფანიძე, რეჟისორის ასისტენტი – თამაზ ქარაული.
სპექტაკლში გამოყენებულია Kordz-ის მუსიკა.

განსაკუთრებული მადლობა სოციალურ საწარმო „ანინას“, რომელმაც იზრუნა მსახიობების ჩაცმულობაზე.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ანი ზაბმახიძე, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, სოფო ახუაშვილი, ნინო არჩაია, თამარ ლორთქიფანიძე, სოფო ფერაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, თამარ ცქვიტინიძე, სალომე წურწუმია და ნინო კიკაჩეიშვილი.