24 მაისი, 2019

ნანი ჩიქვინიძე – დაუვიწყარი კატო “მაგდანას ლურჯადან”

ნანი ჩიქვინიძე - დაუვიწყარი კატო "მაგდანას ლურჯადან"მსახიობი ნანი ჩიქვინიძე მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. მის მიერ შესრულებულმა როლებმა ფილმებში “მაგდანას ლურჯა” და “სხვისი შვილები” მაყურებელზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

– რამდენი გული შეურხევიათ მისგან განსახიერებულ ბავშვებს?! – ასე მიაჩნია იოსებ ჭუმბურიძეს და მსახიობს ნანი ჩიქვინიძეს ახალ როლებს და წარმატებებს უსურვებს:

“აი, ვინ მოდის ბავშვობიდან!
რამდენი გული შეურხევიათ მისგან განსახიერებულ ბავშვებს?!
მახსოვს, რა დამემართა, პირველად რომ „მაგდანას ლურჯა” ვნახე.
„დედი, აი, აქ იწვა ჩვენი ლურჯა”…
გამაოცა თამაშის ბუნებრიობამ.
როცა წლების შემდეგ ისევ ვნახე, ახლა უკვე სულ სხვა რამემ მომნუსხა: როგორ შეეძლო ამ პატარა არსებას, ესოდენ ღრმა განცდით გამოეხატა ის იმედი, გაუბედავი ჩურჩულით წარმოთქმული ერთი ფრაზა რომ იტევდა: „დედი, გიგო პაპა მოვიდა…”
ადვილად მიხვდებოდით, რომ ეს სასამართლოს ეპიზოდია.

***
ახლა „სხვისი შვილები?!”
ბოთლებს რომ აბარებენ, დეიდა ნატოსთვის საჩუქრის საყიდლად?!
პირდაპირი მნიშვნელობით, ყელგამოწვდილი რომ ეხვეწება: „მიიღე რა, ძია, მიიღე რა, ძია”

***
რომელ ბავშვს არ უოცნებია მსახიობობაზე?!
ნანა ჩიქვინიძეს ოცნებაც აღარ დასჭირდებოდა.
მხოლოდ იმაზე თუ იოცნებებდა, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში რომ მოხვედრილიყო…
არსებობს ერთი მართლაც უნიკალური ფოტო:
შუაში – თუმანიშვილი, აქეთ-იქით კი ნანა ჩიქვინიძე და მარინა ჯანაშია.
დიდრონი და ძალიან მეტყველი თვალებით.
თითქოს, სარკეა დიდი მაესტრო.
ესენი კი (ერთიც და მეორეც), ამ „სარკეში”, თითქოს, საკუთარ ორეულებს შესცქერიან.
ალბათ, ასეთი ჩანაფიქრიც ჰქონდა დიდ მაესტროს.
მაესტროებს რას გაუგებ?!
იმ ფოტოზე უკვე მოჩანდა ორი ბედნიერი და წარმატებული შეგირდი.

***
წლების შემდეგ ბატონი თემურ ჩხეიძე მეტყვის: ვერაფრით ვაკავშირებ ნანას, უკვე ჩემს მეუღლეს, „მაგდანას ლურჯასა” და „სხვისი შვილების” პერსონაჟებთან. ისინი ჩემთვის იქ დარჩნენ, ხელშეუხებელნი…”
ამ ძალიან გასაგებ ნათქვამში იშვიათი სისუფთავე და სიწმინდეა.
სისუფთავე და სიწმინდე კი ის თვისებებია, ნანა ჩიქვინიძეს ბავშვობიდან დღემდე რომ მოჰყვება.
თემურ ჩხეიძის მეუღლეობა, რა თქმა უნდა, თავისთავად, დიდი იღბალია, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად მომგებიანია ეს მსახიობისთვის.
„ნანასთვის როლს მხოლოდ მაშინ ვიმეტებ, თუ ამ როლში სხვა მსახიობს ვერ დავინახავ,” – ა, ბატონო თქვენი თემურ ჩხეიძე!.

***
მაინც გამოუჩნდნენ ოპონენტები „ჯაყოს ხიზნების” დამდგმელს:
კი, მაგრამ სად ნანა და სად მარგოო?!
ნანას უსაზღვრო პატიოსნებასა და ერთგულებას გულისხმობდნენ.
თემურ ჩხეიძემ, ფსიქოლოგიური თეატრის დიდმა ოსტატმა, ისინი ადვილად მოიგერია: სწორედ ეგ მაინტერესებდა – ნანას ბუნების არტისტი როგორ მოახერხებდა მარგოდ გადაქცევასო…
შესანიშნავად მოახერხა და ეს როლი მის უდავო მიღწევად აღიარეს.

***
საბედნიეროდ, ნანა ჩიქვინიძე სხვა დიდებულმა რეჟისორმაც დაინახა და უფრო მეტი საინტერესო სახე შეაქმნევინა.
ეთმანეთის მიყოლებით ითამაშა მედეა კუჭუხიძის სპექტაკლებში: „პრემიერა”, „პროვინციული ამბავი”, „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”…
ეს ნამდვილი „ოქროს ხანაა” ნანა ჩიქვინიძის შემოქმედებითს ბიოგრაფიაში!
ამ როლებშიც იყო მომენტები, მსახიობისგან აბსოლუტურ სხვად ქცევას რომ მოითხოვდნენ, რაც მან უდავოდ შეძლო.

***
თუ მარჯანიშვილის თეატრის სხვენს ესტუმრებით და „სასიყვარულო ბარათებს” ნახავთ, ნანა ჩიქვინიძე დღესაც გაგაკვირვებთ სხვა ქალად ქცევის ხელოვნებით.
რაგინდ გასაკვირიც იყოს, ეს სპექტაკლიც თემურ ჩხეიძის დადგმულია.
ამ როლშიც დაინახა.

***
ამას წინათ დიმიტრი ხვთისიაშვილმა მითხრა, რამდენსამე თვეში ნანა ჩიქვინიძეს საიუბილეო თარიღი აქვსო.
თვითონ, თურმე, არ მალავს, მაგრამ მე მაინც არ გავამხელ.
კიდეც რომ დავწერო, ისეთ ფორმაშია, მინიმუმ ათ წელს მაინც გამოაკლებთ.
უბრალოდ, ახალი როლები და წარმატებები ვუსურვოთ.”