8 მაისი, 2019

ჯონ სტაინბეკის მასპინძელი გელა ჩარკვიანი

ჯონ სტაინბეკის მასპინძელი გელა ჩარკვიანი ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი მწერლის ჯონ სტაინბეკის მასპინძელი თბილისში გელა ჩარკვიანი იყო. ამ ამბავს მწერალი და მუსიკოსი ასე იხსენებს:

“ამის წინათ წავიკითხე, რომ რუსეთში ხელახლა გამოუციათ ჯონ სტაინბეკის „რუსული დღიური“. გამახსენდა, როგორ დახვდი მას 1963 წელს თბილისის რკინიგზის სადგურში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს „სიფხიზლის“ ამგვარი მოდუნება იმ დროის პარანოიდულ ატმოსფეროში, სტაინბეკის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მათ შორის არც „ინტურისტში“, სადაც მე პრაქტიკას გავდიოდი, და არც მწერალთა კავშირში.

სასტუმრო „თბილისის“ (დღევანდელი „მარიოტი“) ფოიეში ვიდექი და ამერიკელ ტურისტს ველაპარაკებოდი. მისი ნაცნობი შემოგვიერთდა და ისე, სხვათა შორის, გვითხრა: „ჩემი მეგობარი, ტედი ერევნიდან გუშინ საღამოს მანქანით ჩამოვიდა, სულ ოთხი საათი დასჭირდა. იქ, სასტუმროში მწერალი სტაინბეკი შეხვედრია. ისიც თურმე თბილისში მოდის, მაგრამ მატარებლით“.

ეს რომ გავიგონე, იმ წამსვე მომსახურების ბიუროში შევვარდი, სადაც გამგის მაგიდაზე ყოველთვის იდო სია უახლოეს დღეებში თბილისში ჩამომსვლელი ყველა უცხოელის მონაცემებით. სტაინბეკის გვარი იქ ვერ ამოვიკითხე. ერევნიდან მატარებლის ჩამოსვლას თხუთმეტიოდე წუთი აკლდა.

სასტუმროს ადმინისტრატორს ვთხოვე, სასწრაფოდ გაემზადებინა ნომერი, მერე ტაქსი დავიჭირე და ვუთხარი მძღოლს, რაც შეიძლება მალე მივეყვანე სადგურში. ბაქანზე ასულმა დავინახე, რომ ერევანი-თბილისის მატარებელი უკვე შემოსულიყო და მგზავრები ვაგონების კიბეებიდან მძიმე ჩემოდნებს აწვდიდნენ დამხვედრებს. ვაგონის ნომერი არ ვიცოდი. ბოლოდან დავიწყე და მივყევი. სტაინბეკი ხელად ვიცანი. მივესალმე, გამოვეცნაურე. პიჯაკის ლაწკანზე წინადღეს ვიღაცამ ინგლისურენოვანი საბჭოთა გაზეთის, Moscow News-ის ნიშანი მიმამაგრა. რატომღაც ნობელიანტი მწერალი სწორედ მას დააკვირდა, თითი დაადო და ჩაიბურდღუნა: „არ მიყვარს ეს გაზეთი“-ო. ნიშანი მოვიხსენი, ჯიბეში ჩავიდე და ორივემ გულიანად გავიცინეთ.

ჩემი ესოდენ დიდი სურვილი, ამერიდებინა სტაინბეკი ყოველგვარ დისკომფორტს საქართველოში, დიდწილად იმით იყო გამოწვეული, რომ ვიცოდი, თუ როგორ დაახასიათა მან საქართველო ზემოთ ნახსენებ 1948 წელს მის მიერ გამოქვეყნებულ „რუსულ დღიურში“, რომელიც სსრკ-ში მხოლოდ 1990 წელს გამოვიდა, და არ მინდოდა მცირედი ლაქაც კი მოსცხებოდა ჩვენს „ღვთიურ“ რეპუტაციას.

მართლაც არ ივარგებდა, ნახეთ რას წერს: „სადაც კი ჩავედით რუსეთში (ის ცნობილ ფოტოგრაფთან, რობერტ კაპასთან ერთად მოგზაურობდა), იქნებოდა ეს მოსკოვი, უკრაინა თუ სტალინგრადი, ყველგან გაისმოდა მაგიური სიტყვა საქართველო. ადამიანები, რომლებიც იქ არასდროს ყოფილან, და, შესაძლოა ვერც ვერასდროს მოხვდებოდნენ, ნატვრანარევი აღტაცებით ლაპარაკობდნენ საქართველოზე… როგორც მეორე სამოთხეზე. თანდათან დავრწმუნდით, რომ რუსების უმეტესობას სჯერა, თუ პატიოსნად და უბიწოდ იცხოვრებენ, სიკვდილის შემდეგ (ამ ათეისტურ სახელმწიფოში) ზეცის ნაცვლად, საქართველოში მოხვდებიან“.