15 აპრილი, 2019

რა არის ქართული კინო?

რა არის ქართული კინო?– რა არის ქართული კინო? – ამ კითხვაზე ალბათ უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ ქართული კინო არის განსაკუთრებული მოვლენა მსოფლიო კინემატოგრაფში და ქართველმა რეჟისორებმა შედევრები შექმნეს.
– ჩვენი საზოგადოება ფანტომურ ტკივილებს განიცდის ქართული კინოს გარეშე, – ამბობს რეჟისორი ბუბა ხოტივარი:

“კინო დიდი ხანია, რაც აღარ არის მხოლოდ სანახაობა და გართობა. კინო არის საზოგადოების აღზრდის ყველაზე (ყველაზე!) სერიოზული, ყველაზე მძლავრი საშუალება. ნიჭიერი ხელოვნება, განსაკუთრებით კი ნიჭიერი კინო აყალიბებს ერის განწყობას, მის მსოფლხედველობას, მის ერთიანობას, თუ გნებავთ, ფსიქიკას.

კინო აყალიბებს ერს ერად, ახალგაზრდებს აძლევს ზნეობრიობის, სიყვარულის, სიკეთის მაგალითს, იძლევა სამყაროს შემეცნების საშუალებას, ძალდაუტანებლად ხსნის, რა არის კარგი და რა არის ცუდი.

ყოველი ნიჭიერი ფილმი ცოტათი მაინც ეხმარება ადამიანს მის რთულ ყოფაში, აძლევს მას ოპტიმიზმის საფუძველს – ასეთი არ იყო ქართული კინო? ასეთი არ არის ჩვენი შედევრები? ისინი ზრდიდენ საზოგადოებას – ეს შეწყვიტეს ხელოვნურად და დაგვიპირისპირეს ასეთი მოსაზრება:

„კინო სანახაობაა, გართობა და ფუფუნება, აი როცა ავაშენებთ ქვეყანას – კინოსაც მივხედავთ. ახლა არ გვეკინოება“.
აი, ასეთი იდეური პლატფორმა შეიმუშავეს ჩვენმა მთავრობებმა უკვე 25 წელია და ნაბიჯს არ დგამენ უკან. თვითონ იცვლებიან, ერთმანეთს კი ანდერძად უტოვებენ – ქართული კინო არ გაახაროთ, მასზე ფული არ დახარჯოთ! აი ერთადერთი, რაშიც ყველა მთავრობა ერთმანეთს ეთანხმება.

ეს დანაშაულებრივი იდიოტიზმი უნდა დამთავრდეს.
სახელმწიფო ვალდებულია, ვიმეორებ – ვალდებულია აღადგინოს ქართული კინოწარმოება, რადგან მის გარეშე ქვეყანა ვერ შენდება.
ვერ შენდება და მორჩა.
ამაში უკვე ყველა დარწმუნდა.

სხვათაშორის, ნაცებმა კარგად იციან ეს, ამიტომ აფინანსებენ გაუთავებელ სერიალებს და ამით ხალხში ნერგავენ საკუთარ იდეოლოგიას, აზროვნებას, განწყობებს – იციან, რომ შეწყვეტენ თუ არა ფილმების გადაღებას, თვითონაც გათავდებიან.

სახელმწიფო ვალდებულია აღადგინოს ქართული კინოწარმოება არა როგორც წყალობა მშიერი კინემატოგრაფისტების მიმართ, არამედ, როგორც აუცილებლობა, რომელიც დადგა ჩვენი სახელმწიფოსა და მთავრობის წინაშე.

ჩვენი საზოგადოება ფანტომურ ტკივილებს განიცდის ქართული კინოს გარეშე – კინო ხომ ამ 110 წლის განმავლობაში ჩვენი ეროვნული საქმე გახდა, ჩვენი სულიერების გამომხატველი, ჩვენი ერთგული მეგობარი და თანამესაუბრე, ჩვენი დამაწყნარებელი. ქართველ კაცს აღმოაჩნდა კინოს გენეტიკური ტალანტი – იბადებიან და იბადებიან ნიჭიერი რეჟისორები და ვეღარ და ვეღარ ვითარდებიან – მათი თავი არა აქვს სახელმწიფოს. წადით და კინოს გადასაღები ფული თვითონ იშოვეთო – ამით რეჟისორს დამოკიდებულს ხდიან ვიღაც-ვიღაცეებზე (უკვე მაგრად მომრავლებულებზე), რომლებსაც კინოში მარტო ხეირი უნდათ. ამით კვდება მთავარი – შემოქმედება.

თუ ხელოვან ადამიანს არ გავათავისუფლებთ ასეთი წნეხისგან, ხელოვნება ვერ შეიქმნება. თუ ფილმი არ შედგა როგორც ხელოვნების, ზნეობრიობისა და ნიჭიერების გამოვლინება, ის ფულიც დაკარგულია და დროც.

ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ამჯერად აღარ შეგაწუხებთ.”