16 აპრილი, 2019

ნუკრი ქანთარია: “სერიალები დიდ მნიშვნელობას იძენს!”

ნუკრი ქანთარია: "სერიალები დიდ მნიშვნელობას იძენს!"რეჟისორი ნუკრი ქანთარია, რომელიც პარლამენტარია, მიიჩნევს, რომ დღეისათვის სერიალები უკვე აღარ არის საპნის ოპერები და ისინი დიდ მნიშვნელობას იძენს:

“აუცილებელია აღვადგინოთ ემოციური კავშირი ჩვენს წარსულთან. თუ ამას ვერ აღვადგენთ, გაგვიჭირდება წინ ყურება და რამის დანახვა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ საქმეში არის ის, რომ ჩვენი წარსული, ისტორია, კლასიკური ლიტერატურა გარდაიქმნას კინოფილმებად, სერიალებად.

სერიალები დღეს უკვე აღარ არის საპნის ოპერები. დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც კლასიკური ლიტერატურიდან, თუ წარსულიდან მის საუკეთესო ნიმუშებს ვხედავთ.

BBC-ის მთელი შექსპირის ქრონიკები აქვს უკვე გადაღებული. როდესაც ამას ვამბობდი, ყოველთვის იყო ერთი მოკლე პასუხი, ამის საშუალება არ გვაქვს, ამის ფული არ გაგვაჩნია. ამას წინათ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეეწიოს ამ საქმეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ჩამოსხმულმა პროდიუსერებმა, რომელიც ამ საქმით არიან დაკავებული, თქვეს, რომ ეს არის ძალიან ცუდი რამე, ეს არის საშინელება, თუ ეს კაცი ახლა შეეწევა ამ საქმეს, იმიტომ, რომ ეს ბაზარს არევს, დალაგებულ ბაზარს აგვირევსო. რა ბაზარი აირევა, რის ბაზარი, სად არის ბაზარი, საერთოდ არ არის ამის ბაზარი. ეს შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს არა მხოლოდ სულიერების მიმართულებით, თუკი პროცესი ნორმალურად წავა და თუ ამ პროცესს არ ჩაიგდებს ე.წ. მარიფათიანი ხალხი, თუ ამ პროცესს არ მოაჯდება ე.წ. მარიფათიანი ხალხი და პროცესი სწორი მიმართულებით წავა.

თუ ეს ავა საკანონმდებლო დონეზე, სახელმწიფოს დონეზე და შეკვეთები იქნება სამინისტროების მხრიდან, მაშინ ეს საქმე უთუოდ უმნიშვნელოვანესი იქნება.“