6 აპრილი, 2019

იოსებ ნონეშვილი – ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი

იოსებ ნონეშვილი - ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტიპოეტი იოსებ ნონეშვილი თავისი ცხოვრებით ნამდვილად ამართლებს საკუთარ ფრაზას: “ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდის, თურმე ესეც გმირობაა დიდი“.

მწერალსა და პოეტს დავით შემოქმედელს ამ ფრაზასთან დაკავშირებით საინტერესო მოგონება აქვს:

“როცა პირველად სტუდენტობის პერიოდში იოსებ ნონეშვილის სტრიქონები წავიკითხე: ,,ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდის, თურმე ესეც გმირობაა დიდი“. ვიფიქრე, პოეტი ზედმეტად აჭარბებს, თორემ ეგ რა გმირობააო.

ერთ დღეს იოსები მწერალთა სასახლიდან გამოვიდა და მაჩაბლის ქუჩას დაუყვა. შეზარხოშებული ვიყავი და შევბედე, ბატონო, იოსებ, მე გმირობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეების კეთება მგონია-მეთქი.
ცოტა ხნის პაუზის შემდეგ გამომხედა და მითხრა, – არა, ესეც გმირობააო. შენ ჯერ ღლაპი ხარ და არ იცი. როცა ცხოვრებაში უამრავი ცდუნება შეგხვდება და სიმდიდრისა თუ კარიერის სანაცვლოდ უარს იტყვი, პირადი პრობლემები თავსატეხი გაგიხდება, მაინც არ გატყდები და ჩემი ხნის ასაკამდე მიაღწევ, მაშინ მიხვდები, არის თუ არა გმირობაო.

ცამდე მართალი იყო, ვხვდები.”