23 აპრილი, 2019

გაიცანით “გურჯი გოგო” სევმე

გაიცანით "გურჯი გოგო" სევმე“გურჯი გოგო” სევმე – ასე ჰქვია ნიაზ ზოსიძის ჩანახატს, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ:

“- ესა, სოფელი თათლიფინარია, აქ ჩვენი წინაები, გურჯისტანიდან მუჰაჯირად 1880 წელს გამოსულან, უვლიან, უვლიან, და ამასიას რომ მოსულან, ოსმალს უთქმია, მთაში წაით, აქ არ დიგინახოთო.აქ მოვდონ, ტყე გაჭრეს, ახო გატეხეს, წისქვილი დაბრუნეს, სახლი გაკეთეს…

ფერდობზე მტკაველ-მტკაველ მივიწევთ წინ, ისმეთ ბაბუას სახლისკენ…

– პრატები გიმიფრინდენ, გავათხვე, ამასიას არიან, რზალი მომიკტა, ბიჭი ისტანბულს საქმობს, აქა, მე, ჩემი ქალი, და ბიჭის პაწაი ციცაი არი, ისტანბულის ჰაერი გონჯიაო, ექიმმა თქვა, აქ იყოს ავად არ იქნებაო… ამღამ მე მიყონაღდით, ძალვან მენატრებოდით…

ნურაიშე გამოგვეგება, ბუირუმს, ზოვლი გამახარეთო… ესა, ჩემი ბადიშია, სევმე, სიზმრები სულ გურჯისტანზე აქ, მარტო გურჯულ სიმღერებ უსმინავს, გურჯულ ტელევიზიონს უყურავს, გურჯულ სამობას ნახავს, ჩვენ გვიყვირის, რატომ კარქათ არ იცით გურჯულიო, სკოლაში სევმეს არ ეტყვიან, ყველაი “გურჯი გოგოს” ეტყვის, გურჯული ისწაილოს უნდა…

კოხტად მოყვანილი ტანი ჰქონდა სევმეს, ცისფერი თვალები უელავდა, ჩვენი დანახვით გახარებული, ციბრუტივით ბზრიალებდა…

– შვილს ნენეს თვალები ზრდის, მარა ამის ნენეი მალე გაქრა, მე და ჩემი ქალი ვუტრიალებთ, არ იდერდოს, ისე მისი ნენეს თვალები გამოყვა, გამჩენელო, ეს, იეთიმი ციცაი კარგად გიმიზარდე! – ამოიგმინა ისმეთმა…

კალათა მოარბენინა სევმემ, ხისგან გამოჩორკნილი ქართული ასოებით სავსე, ტახტზე გამოაპირქვავა…
ზოგი ანბანი გულში ჩაიხუტა, ზოგს ხელი გადაუსვა, ზოგს გაუცინა, რამდენიმეს აკოცა, რამდენიმეს მიეჟღურტულა, ზოგი თითით წამოაყენა… სათითაოდ გვაჩვენებდა და გვანიშნებდა, ამას რა ჰქვიაო. ოცდაცამეტივეს სახელი ხმამაღლა გვათქმევინა… იცინა და გვაცინა… სხვა რომ არაფერი, მარტო ამ კისკისით გაგითბობდა გულს…

მდინარეების სახელები ჩამოარაკრაკა თურქული ინტონაციით: ჭოროხი, რიონი, მტკვარი, ენგური, ალაზანი…
ახლა ქართული მასწავლეთო, სიტყვები ჩამოგვიწერა და ბებიას ათქმევინა: მენატრები, სიყვარული, მობრძანდი, გული, თვალი, მზე, მთვარე, ცა, მიწა, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა, ნათესავი…

შეგვიყვარდა სევმე… გვაცრემლა, გვატირა, მოგვნუსხა, გვანაღველა…

დილით გულში ჩავიკარით პატარა დედოფალი, თვალები დავუკოცნეთ, – ნუ წახვალთ, არ გაგიშვებთ, ქართული მასწავლეთ, რომ გავიზრდები, მეც ჩამოვალ საქართველოშიო…

ეზოში დავტოვეთ აპრილივით გოგო და დაღმართს დავუყევით, სადაც ავტომანქანა იდგა…
დავიძარით და რას ვხედავთ, ყანა-ყანა, ბილიკ-ბილიკ, ჭალა-ჭალა სევმე მოფრინავს, მოსახვევთან ჩამოგვისწრო და ხელებგაშვერილი წინ გადაგვიდგა… იდგა გულაჩვილებული და ქლოშინებდა, უბიწო პირისკანზე ცრემლი და ოფლი მოთქიშინებდა…

იდგა ცრემლშეუშრობელი… ქართული ანბანით სავსე პატარა კალათით და გვირილებით ხელში…
მაღლა, ზღმარტლთან ყავარჯნიანი ისმეთ ბაბუა იდგა, გვერდით დარდჩაგროვილი, თვალებჩაშრეტილი, თეთრლაჩაქიანი “მისი ქალი”… ისმეთი ფეხებთან გაწოლილ ქვაზე ჩამოჯდა და სევმეს გადმოსძახა:

– იტირე, სევმე, იტირე! თუ ნამსხმანი გთხოვს, იტირე! ცრემლი გულს დიგილბობს!

მზეზე იფუფქებოდა ,,გურჯი გოგო” სევმე და მზეზე ელვარებდა კალათში “გამომწყვდეული” საქართველო…”