18 აპრილი, 2019

დედების ყველაზე დიდი სათხოვარი შვილებს

დედების ყველაზე დიდი სათხოვარი შვილებსდედების სათხოვარი შვილებისთვის ალბათ ბევრია, მაგრამ არსებობს ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი – გამონახონ დრო და დედები მაქსიმალურად ხშირად მოინახულონ.

ნიაზ ზოსიძის ჩანახატი ამაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს:

“ახლა შენ გძინავს… მე კიდევ კედელზე დაკიდებული საათის წიკწიკი ტვინს მიბურღავს… ეზოდან წყლის თქლიშინი მესმის, უმთვარო და ნისლიანი ღამეა… როგორ ვარ იცი? ძალიან, ძალიან უსუსური, ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყივით უსუსური… ვითომ დაძინებული ვიყავი, მაგრამ ისეთი უშნო სიზმარი ვნახე, ზეზე წამოვღოღიალდი, დავყლიპე თვალები და ვარ ასე. გული ყელში მებჯინება. შენ გამახსენდი შვილო, შენი ბავშვობა! აკვანზე დაკიდებულ ჭრელ-ჭრელ ღინჭილებს რომ ახრიალებდი, კიჭებამოჭრილი, ხელფეხშეკრული მაინც რომ ხვანცალებდი… დაბანა ჭირივით გეზარებოდა, გპირდებოდი ისე დაგბან, თვალებზე ქაფს არ მიგაკარებ-მეთქი…

მოვტყდი შვილო, გუშინ მოჩვარული სხეული ვეღარ ავწიე, საწოლზე პირჩაღმა ჩავემხე და მწარედ ვიტირე…

იმისწინ, ბაღში ჩავედი, ერთი-ორი ჭანჭური გამოვკიკნე, თავბრუ დამეხვა, სახლისკენ წამოვბანდალდი, არ დაიჯერებ და ტოტებდაღრეცილ ხეჭეჭურს და ტოტებჩამოხლეწილ სხალთაფლასაც შევეცოდე…

ვითომ არაფერი მტკივა, მარა სუსტად ვარ, ღილს ვეღარ ვუყრი მარყუჟში, საზამთრო წინდებსაც ვეღარ ვქსოვ, გაბმულ აბლაბუდასაც ვეღარ ვხედავ, ვითომ შეშის დაპობა დავაპირე, ცული ვეღარ ავსწიე და კინაღამ თვალიც გამოვითხარე. კაცი აღარაა სოფელში დახმარება რომ სთხოვო, იასონა ხომ იცი, ზამთარში და პაპანაქებაშიც ყურებიანი ქუდი რომ ახურავს, ბაყბაყდევის ძალა აქვს, მარა რად გინდა, დელია, გადარეული, ჭკუაგაპნეული, იქით თუ მიეხმარები, მადლია…

ყვავიც ხვდება ჩემს უნიათობა-უღონობას, წიწილა თუ ვერ მოგტაცე, საპონი ხომ აგცანცლე თვალწინო, დამცინის…

რაცხა შემაცივა, შვილო, ვერა და ვერ გავთბი, ნელ-ნელა გონებაც მენისლება. ვერცხლის ბეჭედი რომ მქონდა, ის წავიძრე თითიდან და იმით სქელი მატყლის საბანი ვიყიდე, მარა ამანაც ვერ გამათბო…

კი არ გსაყვედურობ, შვილო! ვიცი თბილი გული გაქვს, მაგრამ ერთი წელი დედის უნახავი როგორ გაძელი? რაცხა სოფლისკენ ფეხდამძიმებულად მეჩვენები! მაპატიე, შვილო, თუ გული გატკინე, ეტყობა, უჟმური ამინდი რომაა, ხასიათით მივემსგავსე…

გაქალაქელებულებმა თქმა იციან: ამხელა სახლ-კარი მაქვს, რომ წამოვიდოდნენ მშობლები ხელის გულზე ვატარებო… არ თქვა, შვილო, მაგი და არც გულში გაივლო, ღმერთმა გახარება მოგცეს, მე მარტო ის გითხარ, დრო გამონახე და ხანდახან დამენახე-მეთქი, მეტი კი არაფერი! მერე გული არ გეტკინოს-თქვა!

ფანჯრიდან დავლანდე, ქარმა ღრუბლები სოფლის ქვემოთ გადარეკა, მალე ცაზე სავსე მთვარე აბურბურდება, გული გამითბა, ხვალ კარგი ამინდი იქნება, არ მიყვარს უმზეო დილა…

ახლა ჩაი თუ გავადუღე, ქალი მე ვყოფილვარ!”