28 აპრილი, 2019

მერაბ კოსტავა აღდგომის დღესასწაულზე

აღდგომის დღესასწაულზე წასაკითხიაღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე წასაკითხია ისტორია საქართველოს ეროვნულ გმირზე მერაბ კოსტავაზე ზვიად გამსახურდიას შვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ გაიხსენა:

“ეს მომხდარა 1978 წელს თბილისის სუკ-ის ციხეში, სადაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მოუთავსებიათ საქმე ნომერ 131-თან დაკავშირებით. აქაური საკანი უნდა ყოფილიყო მატარებლის კუპეზე ოდნავ მოზრდილი. დღის სინათლე ატანდა გისოსებიანი ფანჯრიდან, რომელიც ჩვეულებრივზე გაცილებით მაღლა ყოფილა დატანებული კედელში. პატიმარი გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ მიზნით რკინის კარს ჰქონდა საგანგებო საჭვრეტი, საიდანაც ზედამხედველის ფხიზელი თვალის თეთრონი და გუგა მოჩანდა თურმე.

დამდგარა ლიტანიობის ღამე. მერაბი თბილისის სუკ-ის ციხეში იმყოფებოდა, ზვიად გამსახურდია იმხანებში ლეფორტოვოს ციხეში უნდა ყოფილიყო გადაყვანილი. ადვილი არაა იმ სიმძიმილის ცხადად წარმოდგენა, ადამიანს რომ ეუფლება, ამგვარად შეჭირვებულს: მთელ საქრისტიანოში მორწმუნენი ზეიმობენ, ზარები რეკავენ, წირვაზე მყოფნი ერთმანეთს ეხვევიან და ულოცავენ მარადიული ცხოვრების დღესასწაულს, აქ კი ჯერ კიდევ სიკვდილის აჩრდილი ტრიალებს. მერაბს შინაგანად უგრძნია ამ ჟამის დადგომა, ზეწამოჭრილა, ხელებით ჩაფრენია გისოსებს, აწეულა ისე, რომ შიდა ეზო ნაწილობრივ დაულანდავს და მთელი ხმით დაუჭექავს:

„ქრისტე აღსდგა!”

არ არის ძნელი იმის წარმოდგენა, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ხმა ციხის პერსონალზე. დაახლოებით იგივე სურათი იქნება, თუ ერთ ჭიქა ადუღებულ ზეთს კრაზანების ბუდეში ჩაღვრით. ამტყდარა განგაში.

„ქრისტე აღსდგა!“ – განმეორდა კიდევ. ზედამხედველები მერაბის საკანში შეჭრილან, ჩამოკიდებიან ფეხებზე, მთელი ძალით ეზიდებოდნენ დაბლა. მერაბი ფიზიკურად ისედაც ძლიერი იყო, „მაგრამ, ამ დროს საოცარი ძალის მოზღვავება ვიგრძენიო“, იგონებდა. „ვიძახებ იქამდე, ვიდრე არ მიპასუხებს ვინმე“, ფიქრობდა თურმე. არადა, არსაიდან ისმოდა „ჭეშმარიტად!“ სიკვდილის, რღვევისა და გაქვავების საუფლოში.

„ქრისტე აღსდგა!“ – ისევ სჭექდა მერაბის ხმა, რაც ზედამხედველებს კიდევ უფრო აცოფებდა, მაგრამ ვერაფერს აწყობდნენ. და მერვედ თუ მეცხრედ დაძახების შემდეგ სადღაც შორიდან მართლაც მოისმა:

„ჭეშმარიტად!“

ალბათ პატიმარი თუ იყო ვინმე. „მაშინ კი შევუშვი ხელები გისოსებს… – იგონებდა მერაბი.”