18 მარტი, 2019

შოთა ნიშნიანიძე – ლექსის საოცარი ოსტატი

შოთა ნიშნიანიძე - ლექსის საოცარი ოსტატიპოეტი შოთა ნიშნიანიძე თავის ლექსებში მრავალფეროვან თემატიკას ეხებოდა, ამიტომაც შეიყვარა მისი შემოქმედება მკითხველმა.

შოთა ნიშნიანიძეს პოეტობაზე არასდროს უფიქრია. ის სპორტით იყო გატაცებული და ფეხბურთსაც თამაშობდა, თუმცა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და სპორტს საერთოდ ჩამოშორდა.

პატარ-პატარა ლირიკულ ლექსებს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს წერდა. მისი ლექსები იოსებ ნონეშვილმა წაიკითხა, მოეწონა და “ახალგაზრდა კომუნისტში” დაუბეჭდა. მას შემდეგ, პოეტის ცხოვრება მთლიანად ქართულ პოეზიას დაუკავშირდა.

ქართულ პოეზიაში გამოჩენისთანავე ის აღმოჩნდა პირველი, ვინც იმ პერიოდში ქართული პოეზიის მოყვარულებს ახალი სიხარული და იმედი გაუჩინა.

მისმა მდიდარმა შთაგონებამ სიყვარულით გამთბარი არაერთი სტრიქონი მიუძღვნა სამშობლოს, ქართველ გლეხს, უძველეს ციხე-სიმაგრეებს, ეკლესია-მონასტრებს, ბრძოლებში გმირულად დაღუპულ ვაჟკაცებს.

სიკეთისა და ადამიანობის მადიდებელი პოეტის სიმართლე – ეს არის ის მთავარი ძალა, რაც მკითხველს პოეტის შემოქმედებაში დღემდე მოსწონს და იზიდავს:

“ერო და ბერო,
შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:
თუკი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით,
ზურგს ნუ შეაქცევთ… გაიკითხეთ…
ბედი არ გვცდიდეს,
გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი.”

შოთა ნიშნიანიძემ ძალიან კარგად იცოდა რისთვისაც იყო მოწოდებული მისი პოეზია, ამიტომაც სთქვა:

“რახან ხალხს უნდა ლექსიც, მუსიკაც –
და მსახური ხარ რახან,
საწერ მაგიდას კი არ უხიზარ –
ბარიკადაზე დგახარ.”

მისი შემოქმედება ნამდვილად არანაირ კალაპოტში არ ეტეოდა, იგი იყო ლექსის საოცარი ოსტატი, თუმცა ბოლო პერიოდის ლექსებში წუთისოფელზე დაფიქრებული კაცის სევდა იგრძნობა, რაც კარგი პოეტისთვის ნამდვილად ბუნებრივი მოვლენაა.