26 მარტი, 2019

მთავარი სურვილი 80 წლის გურამ დოჩანაშვილისთვის

მთავარი სურვილი 80 წლის გურამ დოჩანაშვილისთვის ვაჟა ფშაველას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა იუბილარი მწერლის გურამ დოჩანაშვილისთვის მთავარი სურვილი გაამხილა:

“ეს ის დღეა, როდესაც გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული პრემია გადასცეს.

ეს მე ვწვალობ, როგორმე თვალი შევავლო ჯილდოს, რომლის დაწესებისთვის უამრავი შრომა და ბრძოლა მოვიტოვეთ უკან.

ჯილდოს ფორმა ჩვეულებრივია, ისეთი, როგორიც ყველა სხვა. დღე კი ვერ გამოვიდოდა ჩვეულებრივად საზეიმო. იქნებოდა ბევრი კამათი, ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი ვაჟას პრემიის პირველ ლაურეატზე, კონკურსანტების სიაში გურამ დოჩანაშვილი რომ არ მოხვედრილიყო…

პირველ მაისს, პრემიის საბჭოში საბუთების შეტანის ბოლო დღეს, 6 საათი სრულდებოდა, როცა დოჩანაშვილის საბუთები და მისი ბოლო რომანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიტანე.
კომისიის წევრებს ამის შემდეგ, ბევრი საფიქრალი და სამუშაო აღარ დარჩებოდათ…

დოჩანაშვილი რომ გახდა ვაჟა-ფშაველას სახელობის ეროვნული პრემიის პირველი ლაურეატი, ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

დაიდო ერთგვარი სტანდარტი და, ღმერთმა ქნას, ეს იქცეს ტრადიციად მომავალში!

ვაჟას პრემიის მფლობელი ყოველ ჯერზე უნდა გახდეს ის მწერალი, პოეტი ან პუბლიცისტი, ვისი სახელი და შემოქმედება არანაირ კითხვას არ დატოვებს საზოგადოებაში, ისევე, როგორც პრემიის პირველი ლაურეატის შემთხვევაში მოხდა!

ამ ჯილდოს მფლობელის გამოცხადებას ისეთივე სიხარულით უნდა შეხვდეს საზოგადოება მომავალში, როგორი სიხარულითაც გურამ დოჩანაშვილის დაჯილდოვებას შეხვდა!

ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ვაჟას პრემიამ შეინარჩუნოს პრესტიჟი, დაიცვას სტანდარტი, მისმა გამცემმა კომისიამ ნდობა, მიმღებმა შემოქმედმა კი ღირსება და მკითხველის სიყვარული!

ისე, ეს პრემია თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც ლიტერატურის დარგის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, პრემიის ფულადი სარგოც, ორ წელიწადში ერთხელ, ერთი გამარჯვებულისთვის 50 000 ლარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 5 წელი იგორავა ამ თემამ უქყებიდან უწყებაში, ბრძანებულებიდან ბრძანებულებაში და ბოლოს 5 000 ლარამდე ჩამოიკვეცა…

ერთი საშუალო ჩინოვნიკის ერთი თვის ხელფასამდე… სახელმწიფოს გამორჩეულად ნიჭიერი შემოქმედები ასეთი იაფი არ უნდა უღირდეს…

ხო, იუბილეს თემაზე დავიწყე და პრემიაზე გადავედი…

თქვენი საყვარელი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეს გილოცავთ, მკითხველებო!
გისურვებთ დიდ ხანს იშრომოს ჩვენს გასახარებლად…

ბევრჯერ გვენახოს ისეთი გახარებული, როგორც მაშინ, ვაჟას პრემიის გადაცემის დღეს იყო!”

მთავარი სურვილი 80 წლის გურამ დოჩანაშვილისთვის