11 მარტი, 2019

მსახიობი ია ხობუა გარდაიცვალა

მსახიობი ია ხობუა გარდაიცვალარუსთავის თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი ია ხობუა 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი ქალაქ რუსთავში 1967 წელს სწორედ მარჯანიშვილის თეატრის იმ ახალგაზრდა გუნდთან ერთად ჩავიდა, რომელმაც თეატრის ისტორიას დაუდო საფუძველი.

ამ გუნდში იმყოფებოდა მსახიობის მეუღლე, შესანიშნავი მსახიობი რეზო ხობუა, რომელიც თეატრის დაარსებიდან მალევე გარდაიცვალა.

ია ხობუამ არა ერთი საინტერესო სახე შექმნა რუსთავის თეატრში დადგმულ სპექტაკლებში ,,გუშინდელნი“, ,,ვალი“, ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“…

ბევრი მათგანი ჩანაწერის სახით დღემდე შემორჩა ისტორიას. განსაკუთრებული სიყვარული კი ქალბატონი იას ერთ პერსონაჟს ერგო, ეს მიხეილ ბუკიას მიერ დადგმული სპექტაკლის, ლაშა თაბუკაშვილის პიესის ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“-ში განსახიერებული ბებიის როლია. სპექტაკლი, რომელმაც სატელევიზიო სივრცეში ჩვენების და მოთხოვნის რაოდენობით რეკორდი მოხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სპექტაკლის პრემიერიდან მრავალი წელი გავიდა, ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულიას“ დადგმას მაყურებელი ისევ ისე აქტიურად ითხოვს.

სწორედ ამ სპექტაკლის ნაწყვეტით, მისი მონოლოგით ვემშვიდობებით ქალბატონ ია ხობუას. ღმერთმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი ულამაზესო ქალბატონო!