25 მარტი, 2019

ჩემო ხორბლისფერო ღვთისმშობელო – ლია სტურუა

”ჩემო ხორბლისფერო ღვთისმშობელო,
შუადღის ჯვარი ისეთი მძიმეა,
შენი თმები, პირქვედამხობილი,
დამასიზმრე და მეგონოს წვიმა.
ჩემო თაფლისფერო ღვთისმშობელო,
შუადღის ჯვარი კიდევ უფრო მძიმეა,
და ვერსად ვერ გაექცევი მარტოობას
მისი თმების მოლანდებულ წვიმაში,
და მათი სიუხვეც ვერ დაგაკავებს
როდესაც მწარე რწმენა ახლოვდება,
რომ შენს შვილსაც ჯვარზე გააკრავენ
მისი ყველაზე ახლობლები.
მას ჯერ ღმერთივით უყურებენ
და ჯერ სახლიდანაც არ უშვებენ,
მაგრამ მშივრებს რომ დააპურებს
და მერე ტაძარსაც რომ აუშენებს,
იტყვიან, რომ ის საეჭვოდ კეთილია
და ვერასდროს ვერ აპატიებენ
იმ პურის ხვავიან სიმაძღრეს
და ტაძრის გაუგებარ სიმაღლეს
და ხილვას, რომ ზამთარში ტოტები
გვანან ბავშვის უმწეო მკლავებს,
შიშველი, მახინჯი ტოტები,
ამისთვის კი უკვე კლავენ.
ჩემო სევდიანო დედავ,
შეცვალე ჩემი ძის ბედი,
შენ მთლად თითბრისფერი და
ნათელი ხარ და თეთრი კრავი
ხელში გინთია სანთელივით.
ჩემო დაღლილო ღვთისმშობელო,
მე დაგიკლავ თაფლისფერ უშობელს,
ოღონდ გახვეულებს შენს თმაში
გვასწავლე პურის და სიმაღლის ფასი.”