25 თებერვალი, 2019

ლაშა თაბუკაშვილის მიძღვნა პაოლო იაშვილს

ლაშა თაბუკაშვილის მიძღვნა პაოლო იაშვილს– მე ამათ დავუმტკიცებ, რომ ვაჟკაცი ვარ! – უთქვამს პაოლო იაშვილს გვერდით მჯდარი მიხეილ ჯავახიშვილისთვის მწერალთა სახლში და როდესაც პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა: “ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო.”

პაოლო იაშვილს მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა სპეციალური ჩანაწერი მიუძღვნა:

“რაც უფრო დაჟინებით ჩააცქერდები ქვესკნელს, ისიც სულ უფრო მეტად დაინტერესდება შენით. დრო იყო ასეთიო, ჩაილაპარაკებს მხდალი, მაგრამ ის დრო ვინ შექმნა? ვინ დააყენა სასიკვდილო არჩევნის წინაშე, არა მხოლოდ მრავლად ჩინებულნი, არამედ, მცირედ რჩეულნიც.

– მე ამათ დავუმტკიცებ, რომ ვაჟკაცი ვარ! – ჩაულაპარაკა მწერალთა დარბაზში პაოლომ მიხეილ ჯავახიშვილს. მართლაცდა რა ელოდა წინ – წამება და სიკვდილი, თუ მეგობრებს არ გასცემდა. ყველას აქვს ზღვარი სულიერი სიმტკიცისა და, რაც ყველაზე მტკივნეულია, ის დაუცველი წერტილი, რომელიც ჯალათს განსაკუთრებით აინტერესებს, ამ შემთხვევაში ეს ოჯახია, რომელიც შენვე უნდა გასწირო და, პირველ რიგში, პატარა მედეა. აკი შემდგომში მხოლოდ შენი შესანდობრის დალევის გამო, ცხრამეტი წლით გააციმბირეს შენი ძმისშვილი კუკუნა.

– მე ამათ დავუმტკიცებ, რომ ვაჟკაცი ვარ! – ეს გამოსავალი იპოვნე და შენი გასროლით გეგონა, ქვესკნელიდან წამოსულ ავ ტალღას ჩაახალე ჟაკანი.

ვინა ვართ ჩვენ, თვითონ ცოდვებით დამძიმებულნი. მხოლოდ ერთადერთმა ძალამ აგხსნა ხუნდები – დედა ეკლესიამ და მისმა უბადლო მესაჭემ – სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც აფრის ტკაცუნი,
მოფრენილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა!

სულ ლამაზად გექროლოს, ქროლვას მონატრებულო, პაოლოს სულო!”