11 თებერვალი, 2019

გაიყიდა თუ არა ეროვნული საგანძური უცხოეთში?

გაიყიდა თუ არა ეროვნული საგანძური უცხოეთში?გაიყიდა თუ არა ეროვნული საგანძური უცხოეთში? – ამ კითხვაზე ეროვნული მუზუმი პასუხობს და ვანში აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

“საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის შესახებ, თითქოს სამკაულს “აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა“, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“.

როგორც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან, კი კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში.”

ამ განცხადების გაკეთება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მანჩო მენაბდემ განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმიდან საგანძური გატანილი და გაყიდულია:

“სოსო თოფურიძემ, მისი ცოლის მეშვეობით, გაყიდა ეროვნული მუზეუმიდან გატანილი ეროვნულ საგანძური. თანხა სრულად მოხმარდება ბელგიაში სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის ორგანიზებას!

2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი, ცინიკურად და თავხედურად საფრანგეთში გაყიდეს!

გუშინწინ შემთხვევით წავაწყდი ამ განცხადებას ფრანგულ საიტზე სადაც ყიდიან ხელოვნების ნიმუშებს და ანტიკვარიატს, ეს არის 2011 წელს საქართველოდან გამქრალი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამის ფრაგმენტი. ყელსაბამი თარიღდება ქრ.შობამდე მე-5 საუკუნით!!! ეს არის უნიკალური ქმნილება და ნიმუში ქართული კულტურისა. მაშინ როდესაც 2011 წელს პატიოსანმა ხალხმა ვისაც არ შეეშინდა განგაშის ზარების რეკვა დაიწყო და გამოიტანა ინფორმაცია რომ სამკაულს აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა, ამ ფაქტს არავინ ყურადღება არ მიაქცია. იყო მუქარის ზარები მაშინდელი მესვეურებიდან რომელთა სახელების დასახელებას მოვერიდები სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე!

ჩვენს თვალწინ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გაყიდეს! ეს არის დანაშაული და კრიმინალი, რომელიც უნდა გამოიძიოთ! ჩემმა შვილმა დარეკა მითითებულ ნომერზე და გვითხრეს, რომ კერძო პირის განცხადება იყო, ვინმე ლელა თოფურიძის სახელზე და რომ ნივთი გაიყიდა და არ აქვთ უფლება გვითხრან, ვინ არის მფლობელი არც ამ თოფურიძის ნომერს გვაძლევენ!

მოგმართავთ საზოგადოებას, 2011 წელს ამას უბრალო ხალხი ვერ გააქრობდა, აქ მაშინდელი ჩინოვნიკების ინტერესები იყო და იგი სახელდახელოდ გააქრეს ქვეყნიდან. ეხლა ეტყობა რომელიმე მაშინდელ ჩინოვნიკს ფული დასჭირდა და ესე ცინიკურად ყიდის ჩვენს საგანძურს. ვინმემ თუ იცით ვინ არის ეს ლელა თოფურიძე, ვის შეიძლება დავუკავშირდეთ, როგორ მივმართოთ ან სამინისტროებს, ან საელჩოებს, გთხოვთ, გამომეხმაურეთ. განცხადებაც წაშალეს და ყველა კვალი დაიკარგა!”