25 იანვარი, 2019

შექსპირის ”ქარიშხალი” მოზარდ მაყურებელთა თეატრში

შექსპირის ”ქარიშხალი” მოზარდ მაყურებელთა თეატრშითბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მაყურებელს შექსპირის პიესებიდან ერთ-ერთ ყველაზე ფილოსოფიურ და მისტიკურ დადგმას სთავაზობს.

2 და 3 თებერვალს 19 საათზე დიდ სცენაზე „ქარიშხალის“ პრემიერა გაიმართება, რომელის დამდგმელი რეჟისორი გიორგი თავაძეა, დამდგმელი მხატვარი – ანკა კალატოზიშვილი, ქორეოგრაფი – გია მარღანია, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი კი – დავით თავაძე.

შექსპირის მკვლევართა ნაწილი „ქარიშხალს“ დრამატურგის უკანასკნელ პიესად მიიჩნევს – ავტორის პოეტური, თეატრალური ანდერძია, სადაც შექსპირი გარკვეულწილად ემშვოდობება თეატრს, ხოლო პიესის მთავარი პერსონაჟი, ყველასაგან მოკვეთილი ჰერცოგი, ჯადოქარი პროსპერო ავტორის ერთგვარ ალტერ-ეგოდაც კი ითვლება.

ნაწარმოების სიუჟეტი ჯადოსნურ კუნძულზე ვითარდება. დამდგმელი რეჟისორის ინტერპრეტაციაც ამ კუნძულის არსისა და ადამიანთა ბუნების გარშემო ტრიალებს, რომლებიც მაგიურ ადგილზე ტრანსფორმაციას განიცდიან.

„ქარიშხალი“ წარმოადგენს გიორგი თავაძის მოდერნისტულად გააზრებულ დადგმას, რომელსაც ერწყმის ანკა კალატოზიშვილის მიერ შექმნილი ეპოქალურ-მისტიკური სცენოგრაფია და კოსტიუმები.

აქ ყველაფერი პირობითია, მათ შორის ზღვა, რომელიც გაშლილია ავანსცენაზე ერთი ტონა წყლით სავსე აკვარიუმის სახით.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები მერაბ ბრეკაშვილი, დავით ხახიძე, ირაკლი გოგოლაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, არჩილ სულაქველიძე, გიორგი ჯიქურიძე, ნინო ანდრიაძე, გიორგი კაჭახიძე, პაატა კიკვაძე, დავით როსტომაშვილი და ვამეხ ჯანგიძე.