18 იანვარი, 2019

კირა მებუკე გარდაიცვალა

კირა მებუკე გარდაიცვალაქართული პანტომიმის დედოფალი კირა მებუკე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა:

“შესანიშნავი მსახიობი, პედაგოგი და პიროვნება წავიდა ამ ქვეყნიდან! ულამაზესი და უნიჭიერესი კირა მებუკე!”

კირა მებუკე საქართველოს პანტომიმის თეატრის დამაარსებლის ამირან შალიკაშვილის მეუღლე იყო, რომელიც ორი თვის წინ გარდაიცვალა.

კირა მებუკე იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამსახიობო (პანტომიმის თეატრის მსახიობის) მიმართულებით. სწავლობდა პანტომიმის სტუდიაში, დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტი, დრამის მსახიობის სპეციალობით. მუშაობფა პანტომიმის თეატრში წამყვან მსახიობად.

სხვადასხვა დროს მას მიენიჭა პრიზი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის, ვერიკო ანჯაფარიძის პრემია, ღირსების მედალი, იყო ღირსების ორდენის კავალერი

საქართველოს დამსახურებული არტისტი გარდაცვალებამდე პანტომიმის თეატრის მთავარი რეჟისორი  იყო. ასწავლიდა პანტომიმას და პლასტიკას შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტში.

კირა მებუკეს შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრში დადგმული აქვს 4 სპექტაკლი და 15 ნოველა. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, სოხუმის დრამატული თეატრების სცენებზე კი უზრუნველყოფდა სპექტაკლის სადადგმო ნაწილს პლასტიკასა და ქორეოგრაფიაში.

პანაშვიდები – კვირას 20 იანვარს და ორშაბათს 21 იანვარს პანტომიმის თეატრში;

გამოსვენება – 22 იანვარს 14 საათზე;

კირა მებუკეს მახათას პანთეონში მეუღლის ამირან შალიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ.