6 ნოემბერი, 2018

ზვიად გამსახურდიას აქამდე უცნობი ლექსი იპოვნეს

ზვიად გამსახურდიას აქამდე უცნობი ლექსი იპოვნესმწერლისა და პოეტის ზვიად გამსახურდიას არქივის დალაგების დროს, მისი უცნობი ლექსი იპოვნეს.

შემთხვევა მისმა შვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ გაიხსენა:

“ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ მისი არქივის დალაგებისას იპოვეს პატარა ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც უცნაური პატარა ლექსი იყო წარწერილი მისივე ხელით. როგორც ჩანს, გროზნოს რეზიდენციის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე იგი დაადგებოდა თავის უკანასკნელ გზას – ტრაგიკულს, როგორც მისთვის, ისე ქვეყნისთვის, ჯიხაშკარი-ხიბულას არეალზე მოწამეობრივად დასრულებულს.

აი, ეს მინაწერიც:

“საქართველოს ჰავა
ეშაფოტზე ავა.
აზრთა სამრეკლოდან
აფრინდება ყვავი,
შეეწიე ღმერთო
და ნათელი ჰყავი.”

მეჩვენება, რომ მართლაც ნოსტრადამუსისეული მისნური განწყობით და დაშიფრული, იგავური ენითაა დაწერილი ეს პატარა ლექსი. იგი ჩემმა ძმამ ახსენა ერთხელ გადაცემაში.

“ჰავა” აქ ძირითადი ატმოსფეროა, როგორც ჩვენში, ისე ჩვენს გარემომცველ სოციალურ სივრცეში, რამაც გამოიარა სტალინიზმი, გვიანკომუნისტური ეპოქა. მან მოიტანა ეროვნული მოძრაობის აღზევება და დამოუკიდებლობის აღდგენა, მაგრამ მანვე მოიტანა პუტჩი, კრიმინალური ანარქია, არნახული ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი უკუსვლა, ქვეყნის დეზინტეგრაცია.

“ეშაფოტზე ასვლა” ნიშნავს, იგი ძირეულად შეიცვლებაო.

“ყვავი” (ისევე როგორც “ყორანი”) უარყოფითი კონნონტაციის დამტევია, როგორც მაგალითად ქართულ ხალხურ პოეზიაში, ვაჟასთან, ბარათაშვილთან, ასევე ედგარ პოსთან. იგი იმ ძალებს განასახიერებს, რომლებიც აფერხებენ და დაადამბლავებენ აზრის გენერირებას, ნათელი, სიცხადის მომტანი აზრების წარმოქმნას და განფენას ქვეყნის მასშტაბით, ხალხში, საზოგადოებაში, რის გარეშეც პოლიტიკური ცხოვრება წელში ვერ გაიმართება, ვერ მოწესრიგდება. მის გარეშე ტირანებს და პარაზიტებს თავს ვერასოდეს დავაღწევთ.

ბოლოს სტროფზე კი მეტს არაფერს ვიტყვი, გარდა ერთი სიტყვისა: “ამინ!”